15 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი საიას თავმჯდომარეს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად საიას თავმჯდომარეს ნიკოლოზ სიმონიშვილს შეხვდა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოკა კაციტაძემ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამსახურის საქმიანობის მიმართულებებზე, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა სამსახურის გაძლიერების საკითხს და ამ კუთხით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განვითარების გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, კერძოდ საქმის მასალებთან დაზარალებულის შეუზღუდავ წვდომას, საჩივრებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას და დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი შიდა დოკუმენტების შემუშავებას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამოხელეო დანაშაულის პრევენციას და სწრაფი, დროული, ეფექტური გამოძიების წარმოებას. კოკა კაციტაძემ სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივაზეც ისაუბრა, რაც სამოხელეო დანაშაულის შემცირებისკენ იქნება მიმართული.

კოკა კაციტაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სხვა უფლებადამცველი ორგანოების ჩართულობა, მათი მოსაზრებების და ხედვების გაზიარება, რათა საგამოძიებო პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან სრულად იყოს თანხვედრაში.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი შიდა დოკუმენტების შემუშავებას იწყებს, რამაც უნდა უზრუნველყოს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, სამოხელეო დანაშაულის პრევენცია, სწრაფი, დროული, ეფექტური გამოძიების წარმოება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საიას და სხვა უფლებადამცველი ორგანოების მონაწილეობა, რათა პროცესი იყოს ღია და გამჭირვალე, ასევე საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი შიდა დოკუმენტი თანხვედრაში უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან," – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს აღნიშნული შიდა დოკუმენტების შემუშავების პროცესში ჩართვასთან და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სამსახურის გაძლიერებისთვის. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ადვოკატირებდა იმას, რომ ეს სამსახური ყოფილიყო ძლიერი და დამოუკიდებელი. მნიშვნელოვანია, ქვეყანას ყავდეს ძლიერი საგამოძიებო სამსახური, რათა ის მნიშვნელოვანი დანაშაულები, რომლებიც შეიძლება ჩადენილი იყოს სამართალდამცავების მხრიდან, იყოს დამოუკიდებლად და სწორად გამოძიებული," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი მარიამ სიმონიშვილიც ესწრებოდა.

დღის ამბები