20 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
"აზოვსტალის" მცველების ოჯახის წევრები, თურქეთის პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრნენ, რათა ერდოღანს მებრძოლების ევაკუაცია პირადად სთხოვონ

"აზოვსტალის" თავზე ცეცხლგამჩენი და ფოსფორის ბომბები ცვივა - რუსული არმია გვირაბებიდან მცველების გამოყვანას ყველა საშუალებით ცდილობს და თუ ეს არ გამოუვა, მზადაა ისინი ცოცხლად დაწვას. ცეცხლგამჩენი ჭურვის ტერმიტული ფენების წვის ტემპერატურა 2500 გრადუსს აღწევს და მისი ჩაქრობა ფაქტიურად შეუძლებელია. პარალელურად, საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებენ გვირაბების ბლოკირების მცდელობას და შტურმზე სულ უფრო მეტ ცოცხალ ძალას გზავნიან. მეტალურგიული კომბინატის გვირაბში გამაგრებულ "აზოველებს" კი, მხოლოდ რამდენიმე დღის სამყოფი წყალი და საკვები დარჩათ, ამას 600-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო ემატება, რომელთაგან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

"მარიუპოლი ალეპოა, ევროპას ასეთი რამ 1945 წლის შემდეგ აღარ ახსოვს" ,- ამბობს "აზოვის" მცველის მეუღლე და მებრძოლების ოჯახის წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ჯარისკაცები გადაარჩინონ. მათი ნაწილი თურქეთის პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრა, რათა რეჯეფ ტაიფ ერდოღანს "აზოვსტალის" მცველების ევაკუაცია პირადად სთხოვოს.

"აზოველების" მეუღლეები დახმარებისთვის ჩინეთის ლიდერსაც მიმართავენ. ოფიციალური კიევი კი ამბობს, რომ "აზოველების" გადასარჩენად ყოველდღიურად მუშაობს, თუმცა ვლადიმერ პუტინი დაჭრილების ევაკუაციაზე უარს ამბობს. რუსეთის ლიდერის ცინიზმი უფრო შორს წავიდა, ვიდრე ამას მსოფლიო ელოდა. რუსმა ჯარისკაცებმა, უკრაინის "ევროვიზიაზე" გამარჯვების შემდეგ, "აზოვსტალზე" ბომბები ჩამოყარეს წარწერებით- დაეხმარეთ აზოვსტალს.

ნათება, რომელიც "აზოვსტალის" ქარხნის თავზე ფოიერვერკს ჰგავს, არსებული ვარაუდით, არაერთი კონვენციით აკრძალული თეთრი ფოსფორის ბომბების გამოყენებას ასახავს. ცეცხლგამჩენი იარაღი იწვის და წვავს ყველაფერს, რასაც შეეხება, ვიდრე ფოსფორის რესურსს სრულად არ ამოწურავს. განსაკუთრებით ტოქსიკური და სიცოცხლისთვის საშიში დამწვრობის გარდა, არის შესუნთქვის შემთხვევაშიც. მიუხედევად ინტენსიური შეტევებისა, "აზოველები" დანებებას არ აპირებენ.

 ბოლო დღეების განმავლობაში, თურქეთის გარდა, უკრაინელი მებრძოლები, ასევე მათი ოჯახის წევრები დახმარებისთვის მიმართავენ ჩინეთსაც, თუმცა რუსეთი არცერთ პირობას, მათ შორის არც დაჭრილების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლას თანხმდება. ჯარისკაცების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროცესის განვითარების ორი სცენარი წარმოუდგენიათ - ერთი, რასაც გონება კარნახობთ და მეორე, რაც გულით სურთ.

უკრაინის მთავრობა ირწმუნება, რომ ალყაში დარჩენილების დაბრუნების ან ნეიტრალურ ქვეყანაში გაყვანისთვის ყველა ღონეს მიმართავენ, მას, რაც საჯაროდ ჩანს და იმასაც, რისი გამხელაც მიზანშეწონილი არ არის.

სიმღერა ინტენსიური დაბომბვის ფონზე - სიმღერა, რომლითაც უკრაინულმა ჯგუფმა "კალუშის" ბენდმა "ევროვიზია" მოიგო და მსოფლიოს "აზოვის" მებრძოლების გადარჩენისკენ სცენიდან მიმართა, ამჯერად ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ქარხნის მიწისქვეშა საცავიდან გააჟღერა. ამ საცავში, პოზიციების დაცვას, სხვადასხვა ცნობებით 1 000-მდე სამხედრო ცდილობს. სიცოცხლის შანსის მიღებას 600-ზე მეტი დაჭრილი ელოდება.

დღის ამბები