კლინიკა "ვივამედში" მყოფი მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა; პატიმართან შეხვედრა ვერ მოახერხა მისმა პირადმა ექიმა. კლინიკიდან გამოსული მსჯავრდებულის დედის თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია და ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
"თვითონ კლინიკა არაჩვეულებრივია, ექიმები ვნახე, ძალიან მომეწონა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად უკეთდება, ბევრი დიაგნოზი აქვს და ნელ-ნელა იმიტომ კეთდება, ამას დრო სჭირდება. პრობლემა ის არის, რომ ვერ ჭამს. საშინელი სისუსტე აქვს, ფერი საერთოდ არ აქვს, ვერ ვცნობ ჩემს შვილს, საერთოდ სხვა, გამოფიტული ადამიანია. გამოსავალს ვხედავ გაყვანაში," - განაცხადა ალასანიამ.
გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს ნიკოლოზ ყიფშიძეც. სააკაშვილის პირადი ექიმი კონკრეტული გამოკვლევების შედეგებს ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
"მდგომარეობა არის საყურადღებო, რადგან ყოველ წუთში შეიძლება განვითარდეს ესა თუ ის გართულება. მე არ მინახავს, ასე რომ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ "ვივამედი" ძალიან კარგი დაწესებულებაა, ძალიან კომპეტენტური ექიმები არიან, ვინც ვნახე და ვისაც ველაპარაკე ძალიან კმაყოფილი ვარ," - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.