20 აპრილი 2024,   12:27
ვრცლად
უკრაინელმა მღვდელმა ანაფორა გაიხადა და სამხედრო ფორმა ჩაიცვა - კაპელანი ახლა ჯარისკაცებთან ერთად ლოცულობს

კრამატორსკი, ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქი, რომელიც 2014 წლიდან რუსული არმიის სამიზნეა - ცეცხლის ხაზიდან ქალაქი რამდენიმე კილომეტრშია, ამიტომ კრამატორსკში დარჩენილებს, არც რუსული რაკეტები უკვირთ და არც აფეთქებების ხმები, იციან, რომ განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე სარდაფებში უნდა ჩავიდნენ. ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელია, როგორც კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის დროს მოხდა, სირენამ ჩართვა ვერ მოასწრო, ბაქანზე შეკრებილ ასობით ადამიანს კი რუსული რაკეტა დაეცა.

რუსების ნასროლი ბომბებისა და ჭურვების ნამსხვრევებს ზოგი ადგილობრივი ომის მუზეუმისთვის აგროვებს, ექსპონატები კი ქალაქის ყველა ქუჩაზეაკრამატორსკელების ნაწილი ცდილობს ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს დაეხმაროს, ზოგი სამხედროებს თავისი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს უგზავნის, ზოგმა კი ანაფორა გაიხადა და მებრძოლებს შეუერთდა. ახლა სამხედრო კაპელანი აღსარებას უკრაინელი ჯარისკაცებისგან პირდაპირ სანგრებში იბარებს.

კრამატორსკში განგაშის სიგნალი განუწყვეტლივ ისმის, შესაბამისად ადგილობრივები აგრესორების მორიგ იერიშს ელოდებიან. მოქალაქეები თავშესაფრებში გარბიან, დაბომბილ ქალაქში კი სამხედროები და ჟურნალისტები რჩებიან.

ერთი თვის წინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ აღარ მუშაობს კრამატორსკის ცნობილი რკინიგზის სადგური, სადაც ევაკუაციისას ოკუპანტების სარაკეტო იერიშს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამხედრო კაპელანმა, მღვდელმა, ანაფორა გაიხადა და სამხედრო ფორმა ჩაიცვა. ის ერთმორწმუნე რუსეთის წინააღმდეგ ომში საკუთარი სურვილით ჩაერთო და მშვიდობისთვის ახლა ჯარისკაცებთან ერთად ლოცულობს.

ექსპონატები ოკუპაციის მუზეუმისთვის 2022 წლით თარიღდება. 71 წლის ანატოლი რუსული სამხედრო აგრესიის დანატოვარს ომის დაწყების დღიდან აგროვებს და მშვიდობამდე შეაგროვებს. შემდეგ თაობებს კი ომის ისტორიას მის პატარა სახლში მოგროვილი მტკიცებულებებით გადასცემს.

84 დღის განმავლობაში მიმდინარე ომის პარალელურად კრამატორსკში დარჩენილები არ კარგავენ იმედს, რომ ყველაფერი უკრაინის სასარგებლოდ დასრულდება.

დღის ამბები