25 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
"აზოვსტალის" თავზე უკრაინის დროშა აღარ ფრიალებს - რა ბედი ელით მარიუპოლის მცველებს

"აზოვსტალის" თავზე უკრაინის დროშა აღარ ფრიალებს. აზოვის ბატალიონის წევრები ოკუპანტებს სრულად ჩაბარდნენ და ამით უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანება შეასრულეს. 2500-მდე ადამიანის სიცოცხლე ამ დროისთვის შენარჩუნებულია. თუმცა ჩნდება კითხვა, რა ელით მარიუპოლის მცველებს, რომლებიც 80-ზე მეტი დღის განმავლობაში ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევდნენ და ზღვისპირა ქალაქს არ თმობდნენ. ტყვეობა, სიკვდილით დასჯა თუ სახლში დაბრუნება.

დაამყარა თუ არა კონტროლი რუსულმა არმიამ "აზოვსტალის" ქარხანაზე - ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაში არ უსაუბრია. უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მებრძოლები სახლში მალე დაბრუნდებიან. ამ მიზნის მისაღწევად კი, მოლაპარაკებებში ჩართული არიან თურქეთის, ისრაელის, საფრანგეთის და შვეიცარიის ლიდერები.

მარიუპოლის ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი ჯარისკაცების გაყვანა 16 მაისს დაიწყო. თავდაპირველად "აზოვსტალი" დაჭრილებმა დატოვეს, ბოლოს კი სამხედრო მეთაურებმა. ახლა მთავარი საკითხია ის, თუ როდის მოხდება სამხედრო ტყვეების გაცვლა და ხომ არ გეგმავს პუტინი ერთი კვირის წინ გაცემული დაპირების დავიწყებას, რომელიც დანებების შემთხვევაში "აზოვის" პოლკის მებრძოლთა გათავისუფლებას ეხებოდა.

ეჭვს, რომ ოკუპანტი პირობას აუცილებლად დაარღვევს, ის გარემოება ბადებს, რომ რუსეთის უზენაესი სასამართლო 26 მაისს "აზოვის" პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს. ამ შემთხვევაში მარიუპოლის მცველებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები