ბავშვების თვალწინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და არაერთი მოწმის თანდასწრებით ქმარმა ცოლს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დამნაშავე დაკავებულია. უძღოდა თუ არა მკვლელობას წინ რაიმე სახის ურთიერთშელაპარაკება და რატომ გაიმეტა ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ, - დეტალებს გამოძიება სწავლობს.
ადვოკატმა დაკავებული როინ მებონია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. ადვოკატ სულხან კომახიძის თქმით, მათი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. კომახიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარით გაოგნებულია, ვერ აცნობიერებს თუ რა მოხდა და ვერ იხსენებს ფაქტებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მებონიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას, ბრალი ოფიციალურად დღეს ან მაქსიმუმ ხვალ წარედგინება.
შესაძლო ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობენ ოჯახის ახლობლები სამეგრელოში, ისინი ამბობენ, რომ ბრალდებულ როინ მებონიას წარსულში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ამას პერიოდულად ავლენდა ხოლმე. მათი დახასიათებით, მოკლული ქალი არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე იყო.
როინ მებონია გუშინ, მკვლელობიდან მალევე დააკავეს.