22 მაისი 2024,   01:24
ვრცლად
თსუ-ს სტუდენტები გამოცდების დისტანციურად ჩაბარებას ითხოვენ - რა ფორმით ჩააბარებენ საფინალო გამოცდას, პროტესტის მონაწილეებისთვის აკადემიური საბჭო ეტყვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. მათი მოთხოვნა ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩაბარებაა. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ხვალ აკადემიური საბჭო იმსჯელებს და პოზიციას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. მანამდე კი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ გამოცდების ჩასაბარებლად თბილისის გარდა, ალტერნატიული საგამოცდო ცენტრი კიდევ 2 ქალაქში - ქუთაისსა და ახალციხეში შესთავაზა.

სტუდენტები, საგაზაფხულო სესიის გამოცდების ონლაინრეჟიმში გადატანის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დედაქალაქში ბინების გაძვირებას ასახელებენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო რეგიონებში მყოფ სტუდენტთა ნაწილს თბილისში ღამის გასათევი აღარ აქვს და ზოგ შემთხვევაში არც უახლოეს საგამოცდო ცენტრში გადაადგილების საშუალებაა.

სტუდენტთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ სააუდიტორიო სივრციდან გამოცდების ონლაინ რეჟიმში დაბრუნება სწავლის ხარისხს გააუარესებს. მათი ვარაუდით, სტუდენტთა ნაწილის ამ მოთხოვნის უკან, შესაძლოა სულ სხვა მიზეზი იყოს.

ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩაბარების საფრთხეებსა და რისკებზე საუბრობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიც, მათი დაკვირვებით ასეთ დროს სტუდენტები
ნაკლებად მომზადებულები არიან და გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად სხვადასხვა დამხმარე საშუალებას იყენებენ.

თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა, სტუდენტების მოთხოვნით განათლების სამინისტრომ 21–22 სასწავლო წლის გაგრძელება ჰიბრიდულ ფორმატში გადაწყვიტა.

დღის ამბები