იტალიაში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა დღეს არაფერი თქვა სახალხო დამცველის მიმართვაზე ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა საკითხი ღიად დატოვა.
სახალხო დამცველმა საქმეზე დასკვნა მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. შესაბამისად კი, ომბუდსმენის აზრით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, არსებითად დაუსაბუთებელია.
შეწყალების იმედი არ აქვს საპატიმროში მყოფ ნიკა გვარამიას. მისი პოზიცია "მთავარი არხის" იურისტმა გააჟღერა. თამთა მურადაშვილმა თქვა, რომ გვარამია თავს კვლავ პოლიტპატიმრად მიიჩნევს და სასჯელის მოხდას ამ სტატუსით განაგრძობს.
ნიკა გვარამიას პატიმრობა, საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ქვეყნის იმიჯისთვის ზიანის მომტანია. ამიტომ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიესალმებიან ყველა შესაძლებლობას, რომელიც მიზნად მის გათავისუფლებას ისახავს.
ოპონენტებისგან განსხვავებით, გვარამიას საქმის არც სამართლებრივ და არც პოლიტიკურ კონტექსტში დამატებითი კითხვები არ აქვთ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ნიკა გვარამიამ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, რაც სასამართლოს არგუმენტირებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა. "ქართულ ოცნებაში" სახალხო დამცველს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ და შექმნილ ვითარებაში გვარამიას შეწყალების საჭიროებას ვერ ხედავენ.
მიმდინარე წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.