"ნატოს" გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა გაუგზავნოს, რათა მან რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს.
სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და მისი პარტნიორები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერენ მხარს როგორც შეიარაღების მიწოდების, ასევე მათი ჯარისკაცების გადამზადების გზით, და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
"დიახ, უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება უნდა ჰქონდეს. ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას უკვე გადასცეს ასეთი იარაღი და ეს ძალისხმევა გაგრძელდება. 15 ივნისს, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის მხარდასაჭერი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ეს არის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, რამშტაინის ბაზაზე დაარსდა. სამუშაო ჯგუფის მიზანია, უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის, მათ შორის მძიმე შეიარაღების გადასაცემად ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაცია. უკრაინა მთლიანად შეიარაღებაზეა დამოკიდებული, რადგან მათ რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა შეძლონ. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, ამიტომ საჭიროა მზადყოფნა გრძელვადიან პერსპექტივაში," - აცხადებს სტოლტენბერგი.