27 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
ბოთლების სროლა და ფიზიკური დაპირისპირება საფეხბურთო მატჩზე - ხაშურში მომხდარ ინციდენტზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს

ბოთლების სროლა, გინება, ფიზიკური დაპირისპირება, ეს ყველაფერი გულშემატკივარმა ხაშურის სტადიონზე ფეხბურთის ნაცვლად ნახა. ჩხუბში გადაზრდილ მატჩს ყავს დაზარალებულიც, ხაშურის "ივერიის" ფეხბურთელი სანდრო ხაჩიძე. ყველაფერი საფეხბურთო მატჩის ბოლო წუთზე დაიწყო.

მატჩის მიწურულს ტრიბუნებიდან გულშემატკივრის ნასროლი მინის ბოთლი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ბოთლი გლდანის გუნდის მეკარემ უკან, მაყურებლისკენ გადააგდო, თუმცა ის მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელ სანდრო ხაჩიძეს მოხვდა.

ფეხბურთელებს შორის დაწყებული დაპირისპირება არეულობაში გადაიზარდა, გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა.

დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ფეხბურთელი კლინიკაში ქალა-ტვინის დახურული ტრავმით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ის სტაციონარში რჩება.

გლდანის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელებს განსხვავებული პოზიცია აქვთ და მათი გულშემატკივრების მხრიდან აგრესიულ ქმედებებს გამორიცხავენ.

ხაშურის ინციდენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი. არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ."

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ხაშურში მომხდარ ინციდენტზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს, სავარაუდოდ უწყება მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი




დღის ამბები