27 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
"იყო შეტყობინება - აიღე მეთაურობა" - დენის პროკოპენკოს ტყვეობის გამო, "აზოვის" პოლკს ახალი მეთაური ჰყავს

უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკ "აზოვს" ამჟამად დროებით მაიორი მიკიტა ნადტოჩი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ სპეცდანიშნულების რაზმის შტაბზე დაყრდნობით "რადიო თავისუფლება" წერს.  ოფიციალური საკადრო ბრძანება მოგვიანებით გაიცემა.

ნიკიტა ნადტოჩი, საძახისით "რაზ-დვა" 8 წელია ფრონტზეა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან ის მარიუპოლში იმყოფებოდა. მარტის ბოლოს ქალაქისთვის ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და ერთ-ერთი პირველი ჯარისკაცი იყო, რომელიც მარიუპოლიდან ვერტმფრენით იქნა ევაკუირებული.

"როდესაც მეთაურმა (დენის პროკოპენკო "დენის") თქვა, რომ უნდა გავფრენილიყავი, მისგან პირობა ავიღე, რომ როგორც კი გამოვკეთდებოდი, "აზოვსტალში" ჩემს დაბრუნებას მოახერხებდა. მისი მესმის, იმ დროს სხვაგვარად თქმა არ შეეძლო, რადგან ჩემი წასვლა იყო საჭირო. მეც ასე მოვიქცეოდი ჩემს ქვეშევრდომებთან," - ამბობს ნადტოჩი.

მისი თქმით, პოლკის ხელმძღვანელობა დენის პროკოპენკომ მას მოგვიანებით გადასცა და ამასთან დაკავშირებით წერილი დაწერა.

"როგორც კი მზად იქნები სამსახურისთვის, უკავშირდები ამა და ამ ხალხს, მოდიხარ და ხელში იღებ მეთაურობას ჩემს დაბრუნებამდე," - აღნიშნული იყო დენის პროკოპენკოს წერილში, რომლის შესახებაც მიკიტა ნადტოჩი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს.

ამჟამად "აზოვის" მებრძოლები საბრძოლო მისიების შესრულებას სხვადასხვა ფრონტზე აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხანაში მყოფი 2439 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკოც, 2022 წლის 20 მაისს "ტყვედ ჩაბარდნენ".  ამ პროცესს ოფიციალური კიევი ევაკუაციის ოპერაციას უწოდებს, რომელიც ადგილობრივი გარნიზონის გადარჩენის მიზნით ჩატარდა.

უკრაინა სამხედროების გაცვლის მოლოდინშია და აცხადებენ, რომ პროცესში გარანტორად საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. გაცვლის შესაძლებლობას ბოლომდე არ გამორიცხავს რუსული მხარეც, თუმცა დრო და დრო ჩნდება მოთხოვნები, რომ უკრაინელი მებრძოლები სამხედრო ტრიბუნალის მეშვეობით უნდა დაისაჯონ. იმ დანაშაულებისთვის, რაც რუსეთის მტკიცებით, დონეცკის რეგიონში და მარიუპოლში აქვთ ჩადენილი.

მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმი "აზოვი", ეროვნული გვარდიის მე-12-ე ბრიგადა, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები, მოხალისეები და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები. ისინი ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. 17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ  ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერებასთან დაკავშირებით.  ამის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალის" ტერიტორია ეტაპობრივად დატოვეს. ისინი ამჟამად სავარაუდოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე იმყოფებიან,

ამავე თემაზე
დღის ამბები