19 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ანტისანიტარია, გაუსაძლისი პირობები, რომელშიც 21 მოხუცი ცხოვრობს - დარღვევა სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა წნორის ხანდაზმულთა სახლში აღმოაჩინა

ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ანტისანიტარია, გაუსაძლისი პირობები, რომელშიც 21 მოხუცი ცხოვრობს - დარღვევა სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა წნორის ხანდაზმულთა სახლში აღმოაჩინა. უმძიმეს სიტუაციას მოხუცებულთა სახლში, კიდევ უფრო ამძიმებს მომვლელთა ღირსების შემლახველი დამოკიდებულება. როგორც აღმოჩნდა, ასაკოვან ადამიანებს ისინი ბანაობის საშუალებასაც არ აძლევდნენ. ამ პირობებში, ხანდაზმულები, როგორც მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

მას შემდეგ კი, რაც შემზარავი ფაქტი გასაჯაროვდა, წნორის ხანდაზმულთა სახლის მომვლელებმა ტელევიზიის მოსვლამდე მოხუცები დაბანეს, თეთრეული გამოუცვალეს და სუფთა ტანსაცმელი ჩააცვეს. ომბუდსმენის ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე რეაგირება მოახდინა ჯანდაცვის უწყებამაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხუცები სხვა დაწესებულებებში გადაანაწილონ. ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საკუთარი პოზიცია აქვთ დაწესებულების მომვლელებს, ისინი მომხდარს არ ადასტურებენ. სახალხო დამცველის ანგარიშში კი საუბარია მათ მიზერულ ხელფასებსა და არაკვალიფიციურობაზე.

მძიმე, უსიამოვნო სუნი, ანტისანიტარია ოთახებსა და აბაზანაში, ჭუჭყიანი ტანსაცმელი და თეთრეული - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც წნორის ხანდაზმულთა სახლ "ბეთელში" გამოვლინდა.

მამაკაცის გარდა, რომელსაც ბოლო ერთი წელია აბაზანით არ უსარგებლია, აქ კიდევ 20 მოხუცი ცხოვრობს. სხვა მოხუცებს, რომლებსაც პრობლემების შესახებ ვკითხეთ, დაწესებულების ადმინისტრაციასთან პრეტენზიები კამერის წინ არ დაუფიქსირებიათ.

სახალხო დამცველის ანგარიშში ისიც ნათქვამია, რომ ომბუდსმენის მონიტორთან პირისპირ საუბარში, ბენეფიციარების უმრავლესობამ ღირსების შემლახველ ფაქტებზე ისაუბრა, რაც დაწესებულების თანამშრომლების თანდასწრებით შიშის გამო უარყვეს.

ყველა დარღვევას უარყოფს მოხუცთა სახლის ადმინისტრაცია, რომელსაც თითოეული ხანდაზმულის სათანადო მოვლისთვის ყოველთვიურად 480 ლარი ერიცხება. ხელმძღვანელები არასაკმარის თანხებზე საუბრობენ და პარალელურად უარყოფენ ყველაფერს, რაც ომბუდსმენის ანგარიშში წერია.

ომბუდსმენის მოწოდების შემდეგ, წნორის ხანდაზმულთა სახლში ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები მივიდნენ და ვითარებასთან ერთად, მათ დოკუმენტებიც შეისწავლეს. 

მონიტორინგიდან მალევე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ განცხადება გაავრცელა და ამ დაწესებულებიდან მოხუცების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

დღის ამბები