26 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
"ამ სახლის აივნები არის ავარიული, მოვიდნენ, ზერელედ შეხედეს და წავიდნენ" - ვის ბრალეულობაზე საუბრობს მარნეულის მოსახლეობა და რას პასუხობენ მერიაში

მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზად მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობას ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ შენობის ავარიულობის გამო მათ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

"პირადად, მე მერიას განცხადებით რამდენჯერმე მივმართე რომ ამ სახლის აივნები არის ავარიულ მდგომარეობაში. ერთხელ მოვიდნენ, ზერელედ შეხედეს და წავიდნენ. კიდევ უნდათ რომ მსგავსი უბედური შემთხვევები მოხდეს? აქ ისეთი მდგომარეობაა რომ ცხოვრება გვიჭირს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულის აივანი ჩამოინგრა და შემდეგ ამას მეოთხე სართულის აივნის ჩამონგრევაც მოჰყვა. შედეგად, 4 პირია დაშავებული და აქედან ორი ქალბატონია, ერთ-ერთი ქალი კი, რომელიც ორსულად იყო გარდაიცვალა. ასევე, როგორც მე ვიცი, დაშავებულებს შორის 2 ბავშვიცაა," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბრალდებას უარყოფენ მუნიციპალიტეტში და ამტკიცებენ, რომ მერიაში ამ მიმართულებით განცხადება არ შესულა და არც შენობა იყო ავარიული. რა მოხდა რეალურად და ვინ არის დამნაშავე - ამ კითხვებს პასუხი უახლეს დღეებში უნდა გაეცეს.

"ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაციით მოსახლეობას არ მოუმართავს. ჩვენი ინფორმაციით შენობა ავარიულ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკვლევი სამუშაოები და ველოდებით საბოლოო დასკვნას, თუ რის გამო მოხდა აღნიშნული აივნების ნგრევა," - აცხადებს მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ბექა აბდელანი.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

დღის ამბები