19 მაისი 2024,   12:02
ვრცლად
მთიანეთი სტიქიის ზონაა - ღვარცოფისა და მეწყერის გამო წაღებულია ხიდები, ჩახერგილია გზები, სტიქიას უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა

ფშავი, ხევსურეთი, დარიალის ხეობა - საქართველოს მთიანეთი სტიქიის ზონაა. ღვარცოფისა და მეწყერის გამო წაღებულია ხიდები, ჩახერგილი გზებია, გარესამყაროს მოწყვეტილია სოფლები.

არის მსხვერპლი - ტურისტის ცხედარი, რომელიც ფშავში მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო, ცოტა ხნის წინ არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დრონით აღმოაჩინეს.

ფშავის დასათვალიერებლად სკუტერით წასული მამაკაცი, უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა მოიყოლა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. უცხოელი ტურისტის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად იპოვეს.

სტიქიის ზონაში მოყვა კიდევ ასამდე ტურისტი, მათ შორის ბავშვებიც. მათი უსაფრთხო ზონამდე გადაყვანა 24 საათის განმავლობაში უამინდობის გამო ვერ მოხერხდა. დღეს დილიდან კი მაშველებმა ისინი ვერტმფრენებით გამოიყვანეს.

უხვი ნალექის გამო ზემო მლეთაში მდინარე არაგვი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე ოჯახი სახლის გარეშე დატოვა. დაიხოცა შინაური ფრინველი და საქონელი.

წყალმოვარდნამ გაანადგურა 10 სოფლის დამაკავშირებელი ხიდიც. ადგილზე სხვა სამსახურებთან ერთად საკუთარი ტექნიკით მუშაობს მთის ტრასების სააგენტო. უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.

ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს მდებარე საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები უსაფრთხო ტერიტორიაზე არიან გადაყვანილი.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებიც რთულდება. უამინდობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები მომდევნო დღეებშიც. სტიქიის შედეგებთან ბრძოლის დასრულების შემდეგ ზარალის დათვლა დაიწყება.

 

 

 

 

დღის ამბები