29 აგვისტო 2026,   09:59
ვრცლად
საქართველოში ვაქცინის მიწოდების გასაუმჯობესებლად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ NCDC-ის 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადასცა

გაეროს ბავშთა ფონდმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებს შორის გასანაწილებლად 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადასცა.

აღჭურვილობა გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის "კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში" ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით ვაქცინების შენახვის ხელშეწყობა რაიონულ და მუნიციპალურ დონეებზე. მაცივრები უზრუნველყოფილია ძაბვის რეგულატორით და ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და მაცივარში შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით.

ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის პრეზენტაციასა და გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები