საქალაქო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა განახლდა, "ანტიკორუფციული მოძრაობის" ხელმძღვანელი პირების, ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას წინააღმდეგ.
საუბარია ბრალდებაზე მამაცაშვილის მიმართ, რომელიც ქოლ-ცენტრების ლობირებას ეხება. პროცესზე მოწმის სახით გამოძახებულია სემეკის თავჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.
"სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ს" თავმჯდომარე, "ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენელი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ უჩა მამაცაშვილის სურვილია, აღნიშნულ მოძრაობას დაედოს ფინანსური სანქციები.
"გვიჩივის ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სურთ გაგვაჩუმონ, სურთ დაგვადონ ფინანსური სანქციები, სურთ, რომ დრო წაგვართვან, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ დღეს ვიკვლევდეთ დამატებით ქეისებს, რომელიც უკავშირდება კორუფციას. დაკავებულები ვართ იმით, რომ ვუპასუხოთ უჩა მამაცაშვილის ადვოკატს," - აცხადებს ურუშაძე.
უჩა მამაცაშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, უჩა მამაცაშვილს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია იმ ბრალდებებთან, რომელიც ისმის მოპასუხე მხარისგან.
"დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, მოსარჩელის მხრიდან და შესაძლოა, მოპასუხის მხრიდანაც, მე არ ვიცი, გამოცხადდებიან თუ არა მოპასუხის მიერ დასახელებული მოწმეები დღეს. დარწმუნებულები ვარ, რომ ნებისმიერი მოწმე, რომელიც შეიძლება ამ პროცესზე დაიკითხოს, ისევე, როგორც ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეშია წარმოდგენილი, ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ უჩა მამაცაშვილს არანაირი შემხებლობა, არც პირდაპირი და არც ირიბი, იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მოპასუხე მხარეებისგან ისმის, არანაირი შემხებლობა არ გააჩნია და შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ტყუილი,"-აცხადებს ამირან გიგუაშვილი.