26 დეკემბერი 2024,   23:16
ვრცლად
"ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი , რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად" - მინისტრის თქმით, კოვიდის შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა, თუმცა შეზღუდვები არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფიცირების დღიური მონაცემები, გასულ კვირასთან შედარებით, 5-ჯერ არის მომატებული, თუმცა ეს შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით, გასულ კვირას დღეში, საშუალოდ, 100 ადამიანი ინფიცირდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 500-მდეა გაზრდილი. 

აზარაშვილის თქმით, მოსახლეობას ნერვიულობის საბაბი არ აქვს, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს კლინიკაში უმკურნალებენ და მათ შორის, რისკების გათვალისწინებით, პრეპარატ პაქსლოვიდსაც მისცემენ. 

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ მსურველებს შეუძლიათ ვაქცინაციის ჩატარებაც, ქვეყანაში რამდენიმე ტიპის ვაქცინაა შესაძლებელი. 

"როგორც ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი და მაშინ ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენდებდა თავს, იგივე მიმდინარეობა აქვს და იმავეს ადასტურებენ ინფექციონისტებიც, არ არის არაფერი საშიში და საპანიკო. ინფიცირების შემთხვევაში, შეგვიძლია მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. რამე შეზღუდვების, ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება," - განაცხადა მინისტრმა. 

მისივე ინფორმაციით, არ განიხილება, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, სხვა სივრცეებში ნიღბის ტარების აუცილებლობაც. 

"ამ მონაცემებით, ამისი საჭიროება არ იკვეთება, 100 და 500 რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, არ არის იმისი საფუძველი, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირატორიული ინფექცია, მაშინ რომ აღგვერიცხა, იქნებ ათასობით შემთხვევა ყოფილიყო. დღეს რადგან კოვიდპანდემიაა და მივყვებით სტატისტიკის აღირცხვას, ეს არის მხოლოდ, თორემ სხვა ვირუსები გაცილებით მეტი გვქონდა სტატისტიკურად და არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს," - განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები