26 დეკემბერი 2024,   14:19
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთი ისევ დარტყმის ქვეშაა - ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალამ დონეცკის ოლქის 6 დასახლებული პუნქტი დაბომბა

რუსეთის მთავარი სამიზნე კვლავ უკრაინის აღმოსავლეთია - ოკუპანტები ლუჰანსკის ოლქის აღების შემდეგ, დონეცკის ოლქს უტევენ. ამ რეგიონის ქალაქები მუდმივად იბომბება. ბახმუტის რაიონში, ქალაქ ჩასივ-იარში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან 34 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს, მათ შორის 9 წლის ბავშვის. მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. მათივე ცნობით, ოკუპანტები თავდასხმას სლოვიანსკისა და კრამატორსკის გასწვრივ განაგრძობენ და სავარაუდოდ, ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის გადაჯგუფებას აპირებენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის პერსონალის დეფიციტის გამო, შესაძლოა, რუსეთმა რეკრუტირების არატრადიციულ გზას მიმართოს და ვაგნერის ჯგუფების გასაძლიერებლად პატიმრების გაწვევა დაიწყოს.

მსხვერპლია ხარკივშიც, რუსული რაკეტა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს და კერძო სახლს მოხვდა, დაიღუპა 6 ადამიანი და დაშავდა 31. არიან ბავშვებიც. ხარკივის მიმართულებით მტერმა საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ხარკივს, ასევე, რუსი-ტიშკის, დემენტიევკას და ზოლოჩევის დასახლებებს. თუმცა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, ოკუპანტების ყველა ქმედება ამ დასახლებების მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუს სამხედროებს უკან დახევა აიძულეს.

უკრაინა კი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საგრძნობლად გააქტიურდა. როგორც ცნობილია, უკრაინელ სამხედროებს ქვეყნის პრეზიდენტმა სამხრეთ რეგიონების დეოკუპაცია უბრძანა. გასული 24 საათის განმავლობაში ჯარისკაცებმა ამერიკული ჰაიმარსით სარაკეტო-საარტილერიო იერიში მიიტანეს რუსეთის მიერ კონტროლირებული ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა-კახოვკაზე. განადგურებულია 52 რუსი სამხედრო, ჰაუბიცა, ნაღმმტყორცნი, შვიდი ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობი.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოკუპირებულ ხერსონის ოლქში ტყვეობაში მყოფი 5 უკრაინელი გაათავისუფლა.

ომის დაწყებიდან 139 დღე გავიდა. ომის კვლევის ინსტიტუტში კი აცხადებენ, რომ ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის დახმარებას პირდაპირი სამხედრო ჩარევის გარეშე ცდილობს. ანგარიშში დაკონკრეტებულია, რომ ლუკაშენკო რუსეთს კვლავაც აძლევს ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას, ამით ნომინალურ მხარდაჭერას გამოხატავს და არ რისკავს ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების პირდაპირ ჩართვას.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები