27 დეკემბერი 2024,   00:03
ვრცლად
ხუთი ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება - ვინ არ მოაწერა ხელი და დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოსთვის" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვენ. განცხადებაში, რომელიც დღეს ერთობლივად გამოაქვეყნეს გაწერილია სესიაზე განსახილველი საკითხებიც - საკონსტიტუციო, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივა. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, შეთავაზებული დღის წესრიგი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი იქნება.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავენ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდის დეპუტატები, კოლეგებს ურჩევენ პარლამენტში შექმნილი ჯგუფების მუშაობაში ჩაერთონ. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის მოთხოვნა, საკანონმდებლო დონეზე დაწყებული საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობად ფასდება.

პრეზიდენტისთვის განკუთვნილ მიმართვაზე არ იქნება "გირჩისა" და "მოქალაქეების" ხელმოწერა, ოპოზიციონერი დეპუტატები კოლეგებს არ უერთდებიან. მათი განცხადებით, ის საკითხები, რის განხილვასაც ოპოზიციის ნაწილი სესიაზე ითხოვს, სამუშაო ჯგუფების ფორმატში უნდა დამუშავდეს.

რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება, პრეზიდენტის პრეროგატივაა. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს შეკრებას დაავალებს, სხდომის ჩატარებისთვის 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში, რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა ისედაც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა დღესაც გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ეროვნულ სასამართლოებში ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება განიხილეს.

დღის ამბები