საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, ისევ კოლეგიის თანდასწრებით და ისევ პარლამენტში შედგება. სამი მოწვევის ყოფილი დეპუტატი საპრეზიდენტო ფიცს, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დადებს - კონსტიტუციის იმ რედაქციაზე, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიბეჭდა. სწორედ ამის შემდეგ შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას მიხეილ ყაველაშვილი, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი. ინაუგურაციას ორგანიზებას პარლამენტის თავმჯდომარე უწევს. ცერემონიის დეტალებზე შალვა პაპუაშვილმა დღეს ისაუბრა.
ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის ინაუგურაციას არაფორმალურ პროცესს უწოდებენ. ცერემონიის დიპლომატების გარეშე ჩატარებას კი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია სპეკულირებს და ინაუგურაციის ცერემონიის დაკნინებას ცდილობს. "ქართული ოცნება" ოპონენტებს საპარლამენტო რესპუბლიკის მნიშვნელობას და სხვა ქვეყნების პრაქტიკას ახსენებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარლამენტის სასახლე მომავალშიც ინაუგურაციის ტრადიციული ადგილი იქნება.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ზუსტად 11 საათზე დაიწყება. ღონისძიება, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კონსტიტუციური ორგანოებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.