27 დეკემბერი 2024,   11:57
ვრცლად
კარლ ბილდტის განცხადება - მმართველი პარტია შვედ პოლიტიკოს ურჩევს, უარი თქვას საბჭოური მეთოდებზე და კონკრეტული ძალების ინტერესების გატარებაზე

ევროკავშირს და არა მარტო ევროპულ გაერთიანებას, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. კარლ ბილდტი აანონსებს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ საქართველოში სიტუაცია პიკს მიაღწევს, ამ დროს კი ევროკავშირს, ისევე როგორც სხვა სტრუქტურებს, გადაწყვეტილება მიღებული უნდა ჰქონდეთ.

ევროპიდან მიღებულ მორიგ გზავნილს, თბილისში საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მცდელობას უწოდებენ. პარლამენტის თავმჯდომარისთვის კარლ ბილდტის პოზიცია ლობისტური კამპანიის შედეგიცაა. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის სახელით მოსაუბრე ადამიანი რეალურად საბჭოთა სტილით მოქმედებს და ღიად ამბობს, რომ თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი.

ოპოზიციაში კარლ ბილდტის განცხადებას იზიარებენ. ამბობენ, რომ 29 დეკემბრის შემდეგ პროცესები პიკს მიაღწევს და შვედეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, როგორც პროტესტთან, ასევე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია მოახდინა.

მმართველი პარტია ოპონენტებთან ერთად, უცხოელ პოლიტიკოსებსაც მიმართავს. "ქართული ოცნება" მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის არჩევანს.

მმართველი პარტია შვედ პოლიტიკოს ურჩევს, უარი თქვას საბჭოური მეთოდებზე და კონკრეტული ძალების ინტერესების გატარებაზე. სახელისუფლებო გუნდი ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას მოითხოვს.

 

 

დღის ამბები