27 დეკემბერი 2024,   11:22
ვრცლად
მმართველი გუნდი ბიზნეს სექტორის ნაწილს აკრიტიკებს - საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთში ვაჭრობენ და ხელს აწერენ პეტიციას, რომლითაც ევროპულ ვექტორზე დაბრუნებას ითხოვენ

მმართველი გუნდი ბიზნეს სექტორის ნაწილს აკრიტიკებს - საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებმაც ხელისუფლება ქვეყნის დასავლური ვექტორის ცვლილებაში დაადანაშაულეს. შექმნეს ე.წ. თავისუფალი ბიზნესის გაერთიანება და მთავრობისგან ახალ არჩევნებს ითხოვენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კომპანიების დიდი ნაწილი, სინამდვილეში, საკუთარი პროდუქციის მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთს იყენებს.

მმართველმა გუნდი დღეს იმ კომპანიებსაც ასახელებს, რომლებსაც პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე რუსეთში გააქვთ. "ქართული ოცნების" ინფორმაციით 2021-2024 წლებში, რუსეთის ბაზრიდან, ამ ორგანიზაციებმა ათეულობით მილიონი წამოიღეს.

ბიზნესს, რომელიც ნაწილობრივ რუსულ ბაზარზე ოპერირებს, დღეს თავის მართლება, ან ინფორმაციის უარყოფა არ უცდია. კომპანიების პოზიცია ხელისუფლების ოპონენტებმა დაიცვეს. პოლიტიკოსების აზრით, თუ ბიზნესი მხარს პროტესტს უჭერს, მაშინ პროდუქციის გასაღების რუსული ბაზარი მნიშვნელოვანი არ არის.

ოპოზიციის მხრიდან რუსეთში მოვაჭრე კომპანიების დაცვა, საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ოპონენტები, ბიზნესმენების ნაწილის მსგავსად, ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. კანონმდებლების აზრით, ოპოზიციურად განწყობილი სექტორის ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობს.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ბიზნეს სექტორის ნაწილიც უერთდება. კომპანიები ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები