27 დეკემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ.

"წლის ბოლომდე ველოდით ასეთი ტიპის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ ცოტა გვიან იყო დაგეგმილი ამ პროცესების დაწყება. ამას უკავშირებდნენ 16 დეკემბერს, როცა ევროკომისიას, მინისტრთა საბჭოს ევროკავშირში უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების არგახსნასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამხდარიყო საბაბი იმისათვის, რომ მათ დაეწყოთ საპროტესტო აქციები და გადასულიყვნენ ძალადობაზე. შესაბამისად, 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი. მათ ჰქონდათ წინასწარ უზრუნველყოფილი ძალადობისთვის ყველანაირი მასალები. გავასაჯაროვეთ სტატისტიკა, პიროტექნიკასთან დაკავშირებით. 1-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავდა. ისინი ემზადებოდნენ ასეთი ტიპის აგრესიისთვის, ძალადობისთვის. 28 ნოემბრის განცხადებამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესები.

პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. როგორც კი წააგეს არჩევნები, მაშინვე დაიწყეს საპროტესტო აქციები. მათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ უწყვეტად ეს პროტესტი. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ წელიწადში ერთხელ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. წლევანდელი წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდათ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ დიდი რესურსი მათ არ აქვთ“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები