27 დეკემბერი 2024,   12:20
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილის შეთავაზება სალომე ზურაბიშვილს - რატომ ვერ თანხმდება ოთხი პარტია ერთ გეგმაზე და რა გაფრთხილებას აძლევს ზურაბიშვილს "ქართული ოცნება"

"თუ პრეზიდენტი გადაწყვეტდა რომ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ის დარჩეს ორბელიანების სასახლეში, ფიზიკურად სასახლეში დავრჩებოდით მასთან ერთად" - ოპოზიციის ნაწილისგან ეს შეთავაზება, პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბოლო კონსულტაციაზე მიიღო. ინიციატორი ანა დოლიძე, მომხრე კი ნიკა გვარამია იყო. დახურულ კარს მიღმა ითქვა უფრო მეტიც, რომ მზად არიან 29 დეკემბერს, ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში, დასახმარებლად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც მიიყვანონ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინიციატივას, მალევე გაემიჯნა აქციებში აქტიურად მონაწილე დემონსტრანტების ნაწილი. სოციალურ ქსელში, აქტივისტ დოდი ხარხელის ვრცელი სტატუსი, რეჟისორმა პაატა ციკოლიამ გააზიარა და დაწერა, რომ კონსულტაციებში მონაწილე ცალკეული პოლიტიკოსების გეგმა, ესკალაციას გამოიწვევს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო სასახლის დატოვებაზე უარს იტყვის, ის ჯგუფური დანაშაულის მონაწილე გახდება. "ქართული ოცნება" მოქმედ პრეზიდენტს ახსენებს, რომ რეზიდენცია, სადაც ის ბოლო დღეებს ითვლის სახელმწიფო საკუთრებაშია. სტრატეგიული ობიექტის ბლოკირება კი სისხლის სამართლის დანაშაულია.

ათონელის რეზიდენციის გამაგრებას, ემიჯნება ექსპრემიერის გუნდი, ისევე როგორც მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ ორ შეთავაზებას. ერთი, ზურაბიშვილის მხრიდან პარლამენტის დათხოვნას და ახალი არჩევნების დანიშვნას, მეორე კი საკონსულტაციო საბჭოს შექმნას გულისხმობს. ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ბუნდოვანია ნაციონალური მოძრაობის და ძლიერი საქართველოს ლიდერების პოზიცია

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციისა და ზურაბიშვილის მოქმედებების მიღმა კი უმრავლესობა უკრაინული მაიდნის სცენარის განვითარების სურვილს ხედავს. "ქართული ოცნება" ზურაბიშვილს ურჩევს, საპრეზიდენტო სასახლე მშვიდად დატოვოს და უარი თქვას ქვეყანაში არეულობის მოწყობაზე.

სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციამ ორ დღიანი კონსულტაციების დროს 3 ძირითად საკითხზე იმსჯელა - ახალ არჩევნები, საპრეზიდენტო სასახლეში ზურაბიშვილის დარჩენა და საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, თუმცა საბოლოო შეთანხმება და სრული კონსენსუსი ერთ საკითხზეც კი არ არსებობს.

დღის ამბები