08 დეკემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ვის შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონი - ქართველმა დეპუტატებმა კანონზე მუშაობის საფუძვლად უკრაინული მოდელი აიღეს

პოლიტიკაში ჩარევა, დიდი ფინანსური რესურსი, მედიაზე ზეგავლენა, მონოპოლიური საქმიანობა - პირი, რომელიც 4 კრიტერიუმიდან 3-ს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონმდებლობით ოლიგარქად მიიჩნევა. ეს პროექტი ქართველმა დეპუტატებმა დეოლიგარქიზაციაზე მუშაობის საფუძვლად აიღეს.  სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, მთავარი პრინციპი ევროკომისიის შეფასებაა, რომელიც ქვეყანას რეკომენდაციით მიმართავს, კანონი უკვე პრაქტიკაში აამოქმედოს.

უკრაინული საზომი რომ ქართულ რეალობას შესაძლოა ვერ მოერგოს, ამაზე ოპოზიციის ის ნაწილი საუბრობს, რომელიც სამუშაო შეხვედრებში პირადად მონაწილეობს. პოლიტიკურ ძალებში ამბობენ, რომ განხილულ მოდელს ბევრი ხარვეზი აქვს და მნიშვნელოვანია კანონი საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს.

ე.წ. უკრაინული მოდელი ჯერ სამუშაო ვერსიაა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის ქართული კანონის საბაზისოდ უკრაინული ვარიანტი პოლიტიკური მიზეზითაც შეარჩია. განმარტება ამ თემაზე შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ვის ეხება კანონი - ეს მმართველ გუნდთან პოლიტიკური ოპონენტების დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დეოლიგარქიზაციის თემაზე პირველ სამუშაო შეხვედრას ოპოზიცია უცვლელი შემადგენლობით დაესწრო - "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გარეშე. პარტიები ევროკომისიის პუნქტებზე, ისევე როგორც ანტიოლიგარქიულ კანონზე, დამოუკიდებლად მუშაობას გეგმავენ. ამბობენ, რომ მათი პროექტით, კანონში პერსონიფიცირება არ მოხდება, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად შეეხება.

რატომ ვერ შეეხება კანონი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს? - პარტიის ლიდერების განმარტებით, მთავარი მიზეზი ფაქტების არარსებობაა. მმართველი გუნდის პოლიტიკური ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არც ე.წ. უკრაინული მოდელის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

დეოლიგარქიზაციის ვალდებულება ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებისთვის ვადა მმართველმა პარტიამ 5 ოქტომბრამდე გაწერა.

დღის ამბები