26 დეკემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ამერიკის საელჩომ უნდა იმუშაოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის - დიმიტრი ხუნდაძე ნედ პრაისს მიმართავს

ამერიკის საელჩომ უნდა იმუშაოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისისადმი მიმართვაში.

დიმიტრი ხუნდაძე წერს, რომ ეს არის "შერჩევითი დიპლომატია".

"უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერს. მოგმართავთ სახელისუფლებო პარტიიდან ახლახანს გასული სამი დეპუტატის სახელით. რადგან თქვენი განცხადება ჩვენი მისამართით იყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი.

თავდაპირველად გვსურს განვმარტოთ: როდესაც მმართველი გუნდის სამი წევრი და მაღალი თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობებს, მმართველ გუნდს და ურთულეს მისიას იღებს საკუთარ თავზე, ხალხისთვის სიმართლის თქმის პრინციპით, ვფიქრობ, ეს უკვე სერიოზული პოლიტიკური გზავნილია. ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება და განვლილი ცხოვრება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დაუფიქრებლად გადავდგათ ეს ნაბიჯი და ვისაუბროთ იმაზე, რაზეც მტკიცებულებები არ გვაქვს.

რაც უკვე ვთქვით და რასაც მომავალში ვიტყვით, გამყარებული იქნება მხოლოდ ფაქტებით. რისკი, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა და არ ვცვლით.

უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი ქმედება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს?

რა თქმა უნდა არა! სწორედ დემოკრატიული ღირებულებები გვავალდებულებს, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს გამჭირვალე და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ეფუძნებოდეს თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს.

დღევანდელმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტორი, თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს საქართველო და დასავლეთი. ჩვენი ურთიერთობებიც და ვალდებულებებიც ორმხრივია. ახალი პოლიტიკური კონტურები მომავალში კავკასიის მეტ პოლიტიკურ დატვირთვაზე მიუთითებს. საქართველო კი კავკასიაში წამყვანი სახელმწიფოა.

მიმდინარე პროცესების ფონზე გვიჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება დღეს დემოკრატიული ღირებულებების გადაფასება მსოფლიოში?

მართალია, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს იმ მთავარ ღირებულებებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ დავღვარეთ სისხლი რუს ოკუპანტთან წინააღმდეგ ბრძოლაში. თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად არის საქართველოს ადგილი? ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობას?

თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე ავიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია. იმიტომ არა, რომ ქართველებს ომის გვეშინია და სამშობლოსთვის თავგანწირვა არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ამ გზის პერსპექტივას.

გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ომს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების წინააღმდეგ, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. საერთაშორისო პარტნიორების დახმარება სწორედ ამაში გვჭირდება. სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი.

ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა მოიცავს ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო. მით უმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი გაგვაცნეს ევროპიდან, რომ უკრაინამ სტატუსი მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო!

სტატუსის არმონიჭება იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა დასავლეთის მხრიდან, რამაც გააღრმავა პოლარიზაცია ქვეყანაში და გააჩინა უსამართლობის განცდა. ფაქტია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.

რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე?

ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე საუბრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. უფრო მეტიც, მათ დაიწყეს ქვეყანაში ომის პროპაგანდა და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას არ გაემიჯნა თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში. მსგავსმა რიტორიკამ გუშინაც გაიჟღერა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან. არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ამის ფაქტი ბევრი იყო. აღარ დავკონკრეტდებით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ყველა ინფორმაციას ფლობთ.

ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის "შერჩევითი დიპლომატია", რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ "შერჩევით პოლიტიკაზე".

"დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე"?!

ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდებოდით მაშინ, თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცხადება გაკეთდებოდა ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხრიდან თქვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ პირდაპირ ეთერში გაკეთებული აგრესიული, ბინძური და შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ. აი ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მოთხოვნა. თუმცა, ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან კითხვებზე.

ქალბატონმა დეგნანმა ტყუილი უწოდა ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს და განაცხადა, რომ არც კი წაიკითხა წერილი ბოლომდე. არ მგონია, კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვებზე ამერიკაში რომელიმე ქვეყნის ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ასატანი გახდეს. რაც მიუღებელია თქვენთვის, ის მიუღებელია ჩვენთვისაც. რაც ანტიდემოკრატიულია ამერიკელი ხალხისთვის, ანტიდემოკრატიულია ქართველი ხალხისთვისაც.

რატომ ბიძინა ივანიშვილი?

ეს კითხვა მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუკი არ აგვიხსნიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, თუ რა არის რეალური დემოკრატია.

დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარებოდნენ ჩვენს სამშობლოს და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის?

უფრო მეტიც, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში იწვევს აგრესიას მისი ლობისტების მიმართ.

ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!

30-წლიანი თანამშრომლობის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო პარტნიორობა. საქართველომ გაიღო ყველაფერი, რათა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენ ამისთვის ბევრჯერ დავღვარეთ სისხლი და აღარ ვაპირებთ უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას.

არ გვინდა, ვიდგეთ მუდმივად ნატო-ს მყარად დახურულ კარებთან და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს.

არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს.

ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა ისტორიული არჩევანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში გადავარჩინოთ დემოკრატიული ღირებულებები და საქართველო აცდეს იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე", – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები