26 დეკემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" აზრი ისევ ორად გაიყო - ვინ ჩაერთვება მმართველ გუნდთან ერთად რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილი ჯგუფების მუშაობაში

"ნაციონალურ მოძრაობაში" აზრი ისევ ორად გაიყო - ჯერ კიდევ გუშინ, ოპოზიციური პარტიის წევრი "ქართულ ოცნებასთან" ერთად მუშაობას არ გამორიცხავდა, დღეს კი აზრი შეიცვალა. ლევან ბეჟაშვილი ევროპარლამენტარების მოწოდების შემდეგ ადასტურებდა, რომ ბრიუსელის რეკომენდაციებზე სამუშაოდ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე პარტიის შიგნით განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა პარტნიორ პარტიებთან შეხვედრიდან გამოსულმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მხოლოდ საკომიტეტო განხილვებსა და სესიებში მიიღებს.

მანამდე კი "ნაციონალური მოძრაობა" კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებს ქმნის. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მესამე სექტორთან ერთად კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე აპირებს მუშაობას, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებს უკავშირდება.

თავის მხრივ, საკუთარი სამუშაო ჯგუფები ჰყავს "ქართულ ოცნებას", რომელსაც 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

"ნაციონალური მოძრაობა" ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებს "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლთან" ერთად ქმნის. პარალელური საქმიანობის დაწყება ოპოზიციის ნაწილმა მესამე სექტორთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა. პარტიები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ინკლუზიურ პროცესს და კონკრეტულ კანონპროექტებს აანონსებენ. იციან, რომ მათ ინიციატივებს უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ გზით საზოგადოებას აჩვენებენ, როგორ განსხვავდება მათი ხედვა მმართველი გუნდის გეგმისგან. იმავდროულად აცხადებენ, რომ სწორედ მათ მიერ შემუშავებულ ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

"ქართულ ოცნებაში" მზად არიან, ოპონენტების ალტერნატიული ხედვები საშემოდგომო სესიაზე მოისმინონ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი შედეგს ვერ მოიტანს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციას ევროპარლამენტარების რჩევა გაეთვალისწინებინათ და სამუშაო ჯგუფებში ერთი მაგიდის ირგვლივ დამსხდარიყვნენ.

პოლიტიკურ მიზნებს ოპოზიციის სტრატეგიაში ხედავენ მათივე კოლეგებიც. ამაზე ის პარტიები საუბრობენ, რომლებიც უმრავლესობასთანაც თანამშრომლობენ და უარს არც ოპოზიციის კონსულტაციებზე ამბობენ.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ამ პოზიციას საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროპარლამენტარებიც იზიარებენ.

ორშაბათიდან ოპოზიცია ახალ სამუშაო ჯგუფებს შექმნის და კანონპროექტებზე მუშაობას დაიწყებს. სავარაუდოდ, მომავალ კვირაშივე გაიმართება მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შეხვედრებიც. ერთი მიზნის გარშემო და სხვადასხვა ხედვით პარლამენტში ორი პარალელური პროცესი იქნება.

დღის ამბები