26 დეკემბერი 2024,   19:18
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი იტალიაში - ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

პოლიტიკური კრიზისი იტალიაში - ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა. სერჯიო მატარელას გადაწყვეტილება იტალიის პრემიერის გადადგომას უკავშირდება, ამის მიზეზი კი მისი მმართველი კოალიციის დაშლა იყო. იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც დრაგის ძირითადმა კოალიციურმა პარტნიორებმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. იტალიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, პარლამენტის დათხოვის გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო. იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება, ეს კი ბოლო 4 წლის განმავლობაში იტალიაში მეორე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

პრემიერის გადადგომის შემდეგ იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 18 თვის წინ დაწყებული პოლიტიკური განხეთქილება და კრიზისი ხელისუფლებაში მალე არ დასრულდება.

იტალიის პრემიერმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სამთავრობო კოალიციამ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა. მარიო დრაგის საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტ მატარალესთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. პრეზიდენტმა პრემიერის გადადგომა დააკმაყოფილა და მას მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა.

ამ კვირას ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, კონსერვატიული პარტიების ბლოკი ლიდერობს. პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ უმრავლესობას მემარჯვენე ოპოზიციური პარტია "იტალიის ძმები" მოიპოვებს.

პოლიტიკურმა კრიზისმა ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკა - იტალია, იმ დროს დააზარალა, როდესაც ქვეყანა მაღალ ინფლაციას ებრძვის. ეკონომისტები და ბიზნესმენები იტალიაში ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ.

როგორც ცნობილია, ვადამდელი არჩევნები იტალიაში სექტემბერში გაიმართება. სამთავრობო კრიზისს ხელი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე, მინისტრთა კაბინეტსა და მმართველ კოალიციაში მყოფი პარტიების უთანხმოებამ შეუწყო.

დღის ამბები