26 დეკემბერი 2024,   19:12
ვრცლად
"მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხისგან გათავისუფლდება" - ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაზე

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დღეს, უკრაინისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ, მილიარდობით ადამიანს შიმშილის საფრთხეს მოუხსნის.

"მილიონობით ადამიანი გათავისუფლდება შიმშილის ამ საფრთხისგან" - განაცხადა ერდოღანმა.

"უახლოეს დღეებში ჩვენ ვიხილავთ გემების მოძრაობის დაწყებას და ბევრი ქვეყნისთვის ეს იქნება სუფთა ჰაერი. ეს ხელს შეუწყობს მთელ პროცესს, დაწყებული ექსპორტიდან, დანიშნულების ადგილამდე ჩასვლით დასრულებული. ყველა პუნქტში ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას" - დასძინა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმითვე, შეთანხმების განხორციელება სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით მოხდება.

"ჩვენ ჩავატარეთ ინტენსიური და რთული პროცესი უკრაინასთან, რუსეთთან და გაეროს ოფიციალურ პირებთან მარცვლეულის ექსპორტისთვის. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიყავით. ჩავატარეთ ფართო კონსულტაციები, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს," - აღნიშნა ერდოღანმა.

უკრაინისა და რუსეთის მიერ მარცვლეულის შეჩერებული ექსპორტის განახლება სწორედ თურქეთის შუამდგომლობით, დღეს განხორციელებული ხელმოწერით გახდება შესაძლებელი. დოკუმენტს მხარეებმა ხელი დღეს თურქეთში მოაწერეს.

დღის ამბები