04 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
კრემლი თამაშის წესებს არ ცვლის - რუსეთმა ხელმოწერა ფორმალობად დატოვა და შეთანხმება რაკეტებით დაარღვია

რუსეთის ხელმოწერა შეთანხმებაზე და პირობა, რომ ოდესაში ტვირთების მოძრაობა უსაფრთხოდ მოხდებოდა - პორტის განბლოკვის შესახებ გაეროს და თურქეთის შუამავლობით დადებული შეთანხმების შემდეგ, კალიბრის რაკეტებით განხორციელებულმა იერიშებმა, მსოფლიო ლიდერების აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოიწვია.

თავდასხმაზე, რომელიც მსოფლიო სასურსათო კრიზისის რისკებს კიდევ უფრო ზრდის,  პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუსეთს დააკისრა. 

მოსკოვს პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და სასურსათო კრიზისზე საუბრობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც. საპასუხოდ, მათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კვლავ ბრალეულობის უარყოფა და კონტრბრალდებები მიიღეს.

მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების და ოდესის პორტის დაბომბვის გარდა, რუსეთი საომარ ტაქტიკას არ ცვლის უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც. ეს ტაქტიკა ძირითადად სარაკეტო დარტყმებს გულისხმობს. დასახლებული პუნქტი დაიბომბა მიკოლაევში, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები. იერიშები არ წყდება დონეცკშიც, სადაც ბოლო აფეთქებებს 2 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. რიგ შემთხვევებში უკრაინის საჰაერო თავდაცვა რაკეტების ჩამოგდებას და საფრთხის შემცირებას ახერხებს.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო შეჭრის შედეგი ომის დაწყებიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ, 25 ივლისს ასე გამოიყურება. წინა დღეებთან შედარებით, არც აღმოსავლეთ და არც სამხრეთ რეგიონებში რუსეთის ჯარს წინსვლა არ აქვს. პირიქით, უკრაინის თავდაცვის ძალები რამდენიმე მიმართულებით წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებენ, მათ შორის ხარკოვის ოლქში. მათ წარმატებული მანევრები განახორციელეს ჰერსონის მიმართულებითაც, სადაც რუსეთის ჯარს რამდენიმე სოფელში უკან დაახევინეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, ემზადებიან ან უკვე წამოიწყეს უფრო მასშტაბური კონტრშეტევა ჰერსონის ოლქში, თუმცა მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შეზღუდული იქნება და მოვლენებს ოპერაციის მიზნებიდან გამომდინარე დროში ჩამორჩება. ჰერსონთან დაკავშირებით, ყოველდღიურ მიმართვაში, დღეს უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა.

სწორედ პარტნიორებისგან მიღებულ შეიარაღებაზე და მომავალში მისაღებ დახმარებაზე იქნება დამოკიდებული როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომის სცენარი შემდგომში. სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე უკრაინა მიღებულ შეიარაღებას ეფექტურად იყენებს. ყოველდღიურად ვრცელდება კადრები თუ როგორ ანადგურებენ უკრაინელი არტილერისტები რუსული იარაღის საწყობებს და სამხედრო ტექნიკას. ამით არის განპირობებული ბოლო ცვლილებები ფრონტის ხაზზე და კონტრშეტევები, რიმლის ინტენსივობა იზრდება.

დღის ამბები