19 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
რა მოჰყვება ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს - ძალის დემონსტრირება ვაშინგტონიდან და პეკინის საპასუხო მუქარა, გაცდება თუ არა დაძაბულობა სამხედრო წვრთნებს

ავიაცია, ათეულობით საბრძოლო ხომალდი და ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურე - ჩინეთის თავდაცვის უწყება წვრთნების ამსახველ ვიდეო-მასალას დღის განმავლობაში უკვე მეორედ აქვეყნებს. საბრძოლო მანევრები, ოფიციალური ინფორმაციით, 7 აგვისტომდე გაგრძელდება. სწორედ ამ დრომდე ურჩევს აზიურ ავიაკომპანიებს ოფიციალური პეკინი, ტაივანის სიახლოვეს ფრენებისგან თავის შეკავებას.

წვრთნებს წინ ტაიპეიში ნენსი პელოსის ვიზიტი, ტაივანის პრეზიდენტთან შეხვედრა და გაკეთებული განცხადებები უძღვოდა. "შეერთებული შტატები ტაივანს არ მიატოვებს" - ეს ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მთავარი გზავნილი იყო. პელოსმა თქვა, რომ ტაივანი ვაშინგტონის სანდო პარტნიორია და მასთან ერთად წყნარი ოკეანის უსაფრთხოების საკითხზე მუშაობას გააგრძელებს.

ამ ნაბიჯს ოფიციალურმა პეკინმა მალევე უპასუხა. ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ხელმძღვანელობით 40 კაციანი დელეგაციის ვიზიტს, პროვოკაციული უწოდეს და კონტრზომების უფლება დაიტოვეს. თუმცა, კონკრეტულად რა იქნება საპასუხო ნაბიჯი, ჯერჯერობით უცნობია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ამერიკის ელჩი პეკინში. "ვინც პოლიტიკური სარგებლის მოსაპოვებლად ტაივანის საკითხით მანიპულაციას შეეცდება, ისტორიაში სირცხვილის მხარეს იქნება" - ამ შინაარსის განცხადების მოსმენა მოუხდა ამერიკელ დიპლომატს. ხისტი განცხადება გააკეთა შტატებში პეკინის დიპლომატიურმა წარმომადგენელმაც.

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი ჩინეთის მიზანმიმართულად გაღიზიანებაში დაადანაშაულა.

ბრალდებებს უადგილოდ მიიჩნევენ ვაშინგტონში. თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ შტატები ეწინააღმდეგება სტატუს-კვოს ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას. ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კი შეერთებული შტატებისთვის უცვლელი რჩება.

სწორედ ეს მოგზაურობა გახდა ჩინეთის მხრიდან ტაივანის მოსაზღვრე პროვინციაში სამხედრო ტექნიკის გადასროლის საბაბი. ჰაერში პატრულირება დაიწყეს ჩინურმა გამანადგურებლებმა. საზღვართან კი ბალისტიკური რაკეტები განალაგეს, რომელთა ეფექტური მანძილი 1000 კილომეტრია. საფრთხეს საკმაოდ მძაფრად აღიქვამენ ტაივანში, სადაც უკვე დაიწყეს თავშესაფრების მოწყობა. სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში ძალთა ბალანსი ასეთია - ჩინეთს ორი მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, მაშინ როდესაც ტაივანის ცოცხალი ძალა 300 000-სს არ აღემატება.


დღის ამბები