25 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
ქირით გასვლასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპარაკება 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც 5 ოჯახი დათანხმდა - სამგორის რაიონის გამგეობა კორპუსის ევაკუაციის შესახებ​

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილის მე-3 მასივის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქირით გასვლასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპარაკება 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც 5 ოჯახი დათანხმდა.

"გაცნობებთ, რომ შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, სამგორის რაიონში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან. 

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე. 

მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა.  სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი. 

კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში. 

ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური," - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები