21 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ძალადობდა თუ არა ყოფილ ცოლზე საქართველოს პირველი ჩოგანი - "კურიერმა" დღეს ოჯახური ძალადობის საქმიდან კიდევ ერთი ვიდეომასალა მოიპოვა

ძალადობდა თუ არა ყოფილ ცოლზე საქართველოს პირველი ჩოგანი ჩოგნებით? - დოროყაშვილი-ბასილაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა. მთელი საქართველო ახლა პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს ქვეყნის პირველი ჩოგნის ოჯახურ კონფლიქტს და იმ მძიმე ბრალდებებს, რომელსაც სპორტსმენს ყოფილი ცოლი უყენებს, მათ შორის არის: თმით თრევა, საჭმლის შეყრა და წყლის შესხმა. ნელი დოროყაშვილმა დღეს სასამართლოს პირველი ჩვენება მისცა.

ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა - ეს ბასილაშვილისთვის პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებებია. ახლა მნიშვნელოვანია რა მტკიცებულებები დევს ამ სკანდალურ საქმეში, რომელმაც შესაძლოა ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელის კარიერა შეიწიროს.

"კურიერმა" დღეს ოჯახური ძალადობის საქმიდან კიდევ ერთი ვიდეომასალა მოიპოვა, რომელიც ყოფილ მეუღლეებს შორის ბოლო ინციდენტს ასახავს. კადრები ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

ვიდეოკადრები, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ცნობილი ჩოგბურთელის და მისი ყოფილი მეუღლის შეხვედრას ასახავს. ავჭალაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში, 2 წლის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ ნელი დოროყაშვილმა საგამოძიებო უწყებას მიმართა. კადრებში ქალზე ძალადობის ფაქტი არ ჩანს, თუმცა ნელი დოროყაშვილმა ამ დღეს განვითარებული მოვლენები სასამართლოში დეტალურად მოყვა. მისი მტკიცებით, შვილის წამოსაყვანად მისულს, ბასილაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, ცნობილი ჩოგბურთელი მცირეწლოვან შვილს დედის წინააღმდეგ განაწყობდა.

ნელი დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდში ადანაშაულებს. ერთ-ერთის შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, ნიუ-იორკის სასტუმროს ნომერში კამათის დროს, ბასილაშვილმა ჩოგნებით სავსე ჩანთა ესროლა, რასაც დოროყაშვილი ფარულად, ტელეფონით იღებდა. სასამართლო დარბაზში ვიდეოჩანაწერიც აჩვენეს. პროცესს უცხოეთიდან დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული, რომელიც ყოფილ ცოლს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

2 წლიანი სასამართლო განხილვები სავარაუდოდ უახლოეს კვირებში დასრულდება. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდება. საპირისპირო მოლოდინი აქვს დაზარალებულის ადვოკატს და საქმის პროკურორს.

ნელი დოროყაშვილის დაკითხვა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. მას შეკითხვებს ყოფილი მეუღლეც დაუსვამს.

 

დღის ამბები