22 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
აღიარებს თუ არა ბრალს ლაშა ნაკაიძე - ტელეწამყვანს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა

გაუპატიურება, ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ტელეკომპანია "მთავარი არხის" დილის წამყვანს 23 წლის გოგო, 8 საათი ბინაში ჰყავდა ჩაკეტილი. სექსუალური ძალადობის გარდა, საქმე ფაქტიურად ქალის წამებასთანაც გვაქვს.

ლაშა ნაკაიძისთვის წარდგენილ ბრალში საუბარია სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებულ დაზიანებებზე და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ჯერ ფიზიკურ, შემდეგ კი სექსუალურ ძალადობაზე. საქმეში ფიგურირებს დანა, ასევე ხმოვანი პისტოლეტი ე.წ. "სტარტოვკა."

მსხვერპლმა თავი მხოლოდ მას შემდეგ დაიხსნა, რაც ტელეწამყვანს ჩაეძინა. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა.

უშუალოდ გამოკითხვის ოქმის შინაარსი არ საჯაროვდება, თუმცა სავარაუდოდ, გამოძიება დაზარალებულის მიერ მიცემულ ინფორმაციას დაეყრდნო. როგორც ირკვევა, ძალადობრივი ფაქტები მოხდა ნაკაიძის მეგობრის სახლში, საბურთალოზე, სადაც ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში უძლებდა ძალადობრივ ქმედებებს. მას შემდეგ რაც ნაკაიძეს ჩაეძინა, გოგონამ დატოვა ტერიტორია და მიმართა საგამომძიებლო უწყებას. 

ოჯახური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობით მუქარა - ეს არის ის მძიმე ბრალდებები, რომელიც ტელეწამყვანს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, ადვოკატმა ბრალდებულთან დაახლოებით 2 საათი გაატარა. 

ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულის პოზიციაა, რომ არ სურს საერთოდ ვინმესთან რამე განმარტება თქვას და შეუთვალა საზოგადოდ ყველას - ვინც იცნობს ლაშა ნაკაიძეს ძალიან კარგად ხვდება, რომ ის არ არის მოძალადე და ბრალს რა საკვირველია არ აღიარებს. 

"ვერ დაგეთანხმებით, რომ წამებასთან გათანაბრებული ბრალი აქვს. არ იქნებოდა გამოძიება, არ იქნებოდა სასამართლო თუკი დაზარალებული ვინმე შეიტანს განცხადებას, დავსვამდით წერტილს რომ აპრიორი ეს ასეა და მორჩა, გავასამართლოთ - ეს ასე არ არის. აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში იყო, სახლში იყო, როცა მოვიდა დილას პოლიცია  ბინის მეპატრონესთან ერთად, შემოვიდნენ მშვიდად, ჩხრეკა ჩაატარეს, დამაკავეს და შოკში ვარ, რა ხდება ვერ ვხვდებიო. ბრალდებულს დაზარალებულთან თანაცხოვრება ჰქონდა, ხან ერთად იყვნენ, ხან ცალ-ცალკე," - აცხადებს ბიბილეიშვილი.

რადიკალურად განსხვავებულია საგამოძიებო უწყების ინფორმაცია. პროკურატურამ ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია უმძიმეს საბრალდებო ეპიზოდებზე, მათ შორის არის ქალზე მჩხვლეტავი საგნით ზემოქმედება, ფიზიკურ ძალადობა, ხმოვანი იარაღითა და დანით მუქარა, ასევე სექსუალურ ძალადობა. 

ლაშა ნაკაიძის დაკავების შემდეგ, ტელეკომპანია "მთავარმა" განცხადება გაავრცელა, რომლითაც კომპანია კატეგორიულად გმობს ყოველგვარ ძალადობას და ტელეწამყვანთან შრომით ურთიერთობას წყვეტს. 

ლაშა ნაკაიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, სასამართლო ხვალ იმსჯელებს. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. რა ალტერნატიულ შუამდგომლობას შესთავაზებს ადვოკატი მოსამართლეს, ჯერ-ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ადვოკატი მას იზოლატორში ხვალ დილითაც შეხვდება და ამ მიმართულებით პოზიციებს შეათანხმებს. 

დღის ამბები