04 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
ვინ იქნება თბილისის "დინამოს" ახალი მფლობელი - რომან ფიფია მზად არის, საინტერესო შეთავაზების შემთხვევაში, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს

ვინ იყიდის თბილისის "დინამოს"? საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია მზად არის, საინტერესო შეთავაზების შემთხვევაში, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. დღეს კლუბის სოციალურ გვერდზე ფიფიას ვრცელი ინტერვიუ გავრცელდა, ბიზნესმენმა კლუბის გასხვისების პროცესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული ინტერესი არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა სამწუხაროდ, დინამოს შეძენის სურვილი საქართველოდან, ჯერჯერობით, არავის გამოუთქვამს. რომან ფიფიამ ასევე დაასახელა მიზეზი, რის გამოც კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მთავარი არასაკმარისი ფინანსებია რაც კლუბის განვითარებას აფერხებს.

ფიფიამ "დინამო თბილისი" 2011 წელს შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 11-წლის მანძილზე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამაც თუმცა ბიზნესმენმა მეტი ვეღარ შეძლო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი, 97 წლიანი ისტორიის მქონე კლუბი ახალი სპონსორის ძიებაშია, საფეხბურთო ექსპერტები კი ამბობენ რომ გუნდის რეგრესი ცუდმა მენეჯმენტმა გამოიწვია.

რომან ფიფია მზად არის თბილისის "დინამო" გაასხვისოს. კლუბის პრეზიდენტი არ ასახელებს კონკრეტულ თანხას თუმცა ამბობს რომ ის რასაც დინამოსთვის აკეთებს, საკმარისი არ არის სამომავლო განვითარებისთვის, საჭიროა მეტი ფინანსური მხარდაჭერა. რომან ფიფიას განცხადებით კლუბის შეძენით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული,მათგან ერთ-ერთი არასასურველი ქვეყნიდან, თუმცა ეს ვარიანტი არ განიხილება.

ფიფია ფიქრობს რომ "დინამოს" მომავალი მფლობელი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. თუმცა კლუბის პრეზიდენტი იმასაც ადასტურებს რომ ამ ეტაპზე საქართველოდან ინტერესი არავის გამოუხატავს.

ფიფიას 11-წლიანი მმართველობისას, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა "დინამო არენასა" და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ. 2011 წლის შემდეგ კლუბმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე შეფასებებს აკეთებენ სპორტული ჟურნალისტები, მათი აზრით წლების მანძილზე დინამოს მენეჯმენტის არათანმიმდევრულმა მუშაობამ კლუბის რეგრესი გამოიწვია.

21 წლის წინ თბილისის დინამოს წილები სამ იურიდიულ პირზე იყო გადანაწილებული - სპორტკლუბი "დინამო", ფირმა "ბერმუხა-92", 10 პროცენტს კი მერაბ ჟორდანია ფლობდა. 2001 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ გუნდის გადარჩენის მოტივით ტენდერი გამოაცხადა, საუკეთესო ვარიანტად მიჩნეულ იქნა კო­მპანია "პიზერ-პარკ-პროპერტ-ლიმიტედის" შე­მოთავაზება, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის საკუთრებაში იმყოფებოდა. ტენდერის თანახმად მხარე ვალის სრულყოფილად დაფარვის და საფეხბურთო გუნდის წარმატებულ ფუნქციონირებას კისრულობდა. 2011 წელს კი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა "დინამოს" ამჟამინდელ მფლობელს, რომან ფიფიას, წილი კლუბის გადარჩენის იმედად გადასცა.

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები