აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელიც შესაძლოა განსახილველად გაეროს ბირთვული ზედამხედველობის სააგენტოს მმართველთა საბჭოს წარედგინოს. დიპლომატების განმარტებით, რეზოლუცია, ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოსთვის ირანის საკითხის გადაცემას ითვალისწინებს.
ამ ვალდებულებების თანახმად, რომლებიც ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთის ხელშეკრულების ნაწილია, ირანს ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა, განაცხადოს ყველა ბირთვული მასალისა და საქმიანობის შესახებ და ვენაში განთავსებულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს საშუალება მისცეს, შეამოწმონ, რომ არცერთი მათგანი არ გამოიყენება არამშვიდობიანი მიზნებისთვის.
მედიის ცნობით, ეს დიპლომატიური ნაბიჯი 2025 წლის ივნისიდან განიხილება - მას შემდეგ, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) საბჭომ, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ირანი ოფიციალურად ცნო ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთის ვალდებულებების დამრღვევად. გადაწყვეტილრბა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე მიიღეს.
"ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის შესაძლო გადაცემა პასუხისმგებლობას აკისრებს უფრო მაღალ ინსტანციას, რომელსაც უნარი აქვს მიიღოს დამატებითი, სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ზომები, მათ შორის, სანქციები ან აქტივების გაყინვა.
თუმცა, ამ შემთხვევაში, გაეროს მხრიდან კონკრეტული სასჯელაღსრულებითი ზომების გატარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ირანის მოკავშირეებს - რუსეთსა და ჩინეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ", - წერს მედია.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც სააგენტო Associated Press-მა მოიპოვა, ხოლო უფრო ადრე Reuters-მა გაავრცელა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსს სთხოვს, "გაუგზავნოს ეს რეზოლუცია და მანამდე მიღებული რეზოლუციები... სააგენტოს ყველა წევრს, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას, IAEA-ს წესდების შესაბამისი დებულებების თანახმად".
დიპლომატების განმარტებით, რეზოლუციის პროექტზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის საბჭოსთვის ოფიციალურად არ წარუდგენიათ. შესაბამისად, რეზოლუციის პროექტის ტექსტი შესაძლოა შეიცვალოს, რადგაბ საბჭოს წევრებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, მასში ცვლილებები შეიტანონ.
როგორც ABC News-ი წერს, ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, დოკუმენტს მომავალ კვირას, ვენაში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს სხდომაზე უყრიან კენჭს.