04 მაისი 2024,   07:25
ვრცლად
2,5 ტონა დალუქული ხორცი და დაჯარიმებული ბიზნესოპერატორები - "კურიერი" ბათუმის იმ ბაზრობაზე იმყოფებოდა, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმება ჩაატარა და დარღვევები აღმოაჩინა

სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული საქონელი და დაჯარიმებული ბიზნესოპერატორები. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში სიცოცხლისთვის საშიშ ხორცპროდუქტებს მიაგნო.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პათოგენური მასალა და სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველები - ბათუმის აგრარულ ბაზარში 2.5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი დალუქეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში განახორციელა, სადაც ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმა.

"კურიერი" დღეს ბათუმის იმ ბაზრობაზე იმყოფებოდა, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შემოწმება ჩაატარა და დარღვევები აღმოაჩინა. ბაზრობაზე მომუშავეები ამტკიცებენ, რომ დახლზე სიცოცხლისთვის საშიში პროდუქცია არ ხვდება და მათთან მხოლოდ შემოწმებული ხორცი იყიდება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორები, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიშ ხორცს რეალიზაციას უწევდნენ, დააჯარიმა, მათ ნაწილს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სააგენტოს მიერ რეკომენდაციების საფუძველზე, ბაზარში, სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დასუფთავებისა და დეზინფიცირების სამუშაოები ჩატარდა. "კურიერი" დღეს ბათუმის ბაზრის ვეტერინარული სამსახურის წარმომადგენელსაც ესაუბრა. მისი მტკიცებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დალუქა, აგრარულ ბაზარში არ შედიოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ობიექტების შემოწმებას. ივლის-აგვისტოში 800-მდე ობიექტში შემოწმდა, მათ შორის სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. სააგენტოს ინფორმაციით, საერთო ჯამში 10 000- კილოგრამამდე ხორცი დაილუქა.

დღის ამბები