22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბორჯომში ყველა კერა ჯერ არ არის ლოკალიზებული, ტექნიკა მუშაობს გზების გაყვანაზე, რომ წყალი მიიტანონ დანიშნულების ადგილამდე - ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყველა კერა ჯერ ლოკალიზებული არ არის და ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი და ქარი აფერხებს.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც, რომელიც მუშაობს გზის გაყვანაზე, რათა შეძლონ დანიშნულების ადგილამდე წყლის მიტანა.

„ჯერ, რა თქმა უნდა, ყველა კერა ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. ქარი იყო გუშინ და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა, გადავიდა მეორე მთაზე. დღესაც არის პატარ-პატარა კერები, არის აქტიური კერები. მუშაობენ, დაახლოებით 1 200 კაცზე მეტია, შსს-ს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის წარმომადგენლები, ასევე ტექნიკა, 110-120 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, რომლებიც მუშაობენ გზის გაყვანაზე, რომ მივუდგეთ. ფიზიკურად ვერ უდგებიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენები, რომ ჩავიდნენ, თუმცა ფიზიკურად მარტო ადამიანების ჩასვლა…წყალი თუ არ მიაწოდე, წყლის გარეშე ცეცხლს ვერ ჩავაქრობთ. აქედან გამომდინარე, ტექნიკა მუშაობს გზების გაყვანაზე, რომ წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე.

საშიშროება არის, თუ ქარი ამოვარდა. თუ ქარი არ ამოვარდა, ღამე კიდევ დავამუშავებთ კერებს, ხვალ უკეთესი სიტუაცია იქნება. თუ ქარი ამოვარდა, არის გავრცელების საშიშროება, შეიძლება, უარესად მოედოს ტერიტორიებს, თუმცა ლოკალიზებული გვაქვს, სოფლებთან გვაქვს დაკეტილი, მანქანები არის მობილიზებული, რომ სოფლებში არ გადავიდეს. ქარი თუ არ ამოვარდა, ამ შემთხვევაში, უკვე დაბალი კერები გვექნება ხვალ. რთულია (კერების რაოდენობის დადგენა). დრონებითაც მუშაობენ, ვეტმფრენებითაც, ორი არის ძირითადი, პატარ-პატარა კერებია, ძველებზეც არის დარჩენილი, კუნძებზე, ბალახებზეა მოკიდებული“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფება.

ამასთან, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ როგორც აქვს ინფორმაცია, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

დღის ამბები