18 მაისი 2024,   08:15
ვრცლად
ქალზე ძალადობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლის საფუძველზეც დაკავებული დაზარალებულს მისი გასაჯაროებით ემუქრებოდა

ქალზე ძალადობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მამაკაცს ძალადობის 6 ეპიზოდში ედავებიან. გამოძიებას მოპოვებული აქვს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრებიც. დღევანდელი პროცესი დახურული იყო, ადვოკატი გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ვიდეოჩანაწერის ამოღების მიზნით, რომელშიც ასახულია ქალის პირადი ცხოვრება და სწორედ ამ ვიდეოჩანაწერებით ემუქრებოდა ბრალდებული დაზარალებულ ქალს და აიძულებდა სექსუალურ კავშირს.

რაც შეეხება ბრალდებული გიორგი ხუროშვილის პოზიციას, მისი ადვოკატი მაგდა მარგიანი  დეტალებზე არ საუბრობს. ამასთან, ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ დაკავებული არცერთ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.  

"მე ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვერ გეტყვით და თავად ბრალდებულის სურვილიც ასეთია," - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

პროკურორ თინათინ სტურუას განცხადებით კი, საქმის მასალებში არსებობს როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. 

"საქმის მასალებში წარმოდგენილია მოწმეთა გამოკითხვის, მათ შორის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები. წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, ასევე წარმოდგენილია დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა ამ ეტაპზე ქმნიდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძველს. დამატებით გვაქვს კიდევ მოსაპოვებელი მტკიცებულება იმ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შესახებ, რომლის გასაჯაროებითაც ემუქრებოდა ბრალდებული დაზარალებულს," - აცხადებს პროკურორი. 

 

დღის ამბები