21 დეკემბერი 2024,   19:38
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა მიმდინარეობს - წინა ინსტანციის გადაწყვეტილებას ორივე მხარე ასაჩივრებს

სააპელაციო სასამართლოში 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს პირველი არხის ოპერატორსა და "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული ძალადობის ეპიზოდის განხილვა გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასაჩივრებს როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე.

როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე ბრალდებულს კი 117-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გადაუკვალიფიცირა 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 

"დღეს დაიწყო 5 ივლისის საქმეზე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების განხილვა. რა თქმა უნდა დაცვის მხარე არ ვეთანხმებით პირველი ინსტანციის განაჩენს. დღეს მიმდინარეობდა დაცვის შესავალი სიტყვების მოსმენა," - აცხადებს ბრალდებულების ადვოკატი ვარლამ მაჭარაშვილი.

​კონკრეტულად ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ბრალდების მხარე.

"ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ეთანხმება, არ ეთანხმება მხოლოდ ერთ მსჯავრდებულთან მიმართებით, რომელთანაც კვალიფიკაციის ნაწილში სასამართლომ შეცვალა კვალიფიკაცია და ეს ახსნა იმით, რომ არ არსებობდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, კვლევის პროცესში არის ჯერ კიდევ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ბრალდების მხარეს ამ ნაწილში აქვს გასაჩივრებული, რაც შეეხება დაცვის მხარეს ისინი ასაჩივრებენ მთლიანად განაჩენს და მიაჩნიათ, რომ ბრალდებულებს არ ჩაუდენიათ დანაშაული," - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

დღის ამბები