21 დეკემბერი 2024,   20:13
ვრცლად
ძმები კაკულიების საქმე - რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას და რატომ მოითხოვა ადვოკატმა პროცესზე თარჯიმანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმების, გურამ და დავით კაკულიებს სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებსაც გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულ გურამ კაკულიას ინტერესების დამცველი შეეცადა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ გურამ კაკულია რუსეთის მოქალაქეა და იურიდიული ტერმინები არ ესმის, ამ მიზეზით ადვოკატმა სასამართლოზე თარჯიმნის დასწრება მოითხოვა. არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა მოსამართლე ლევან გელოვანისთვის და შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, მან გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა და ადვოკატებს მოუწოდა იურიდიული ტერმინები თავად განემარტათ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის.

ძმებ კაკულიების ადვოკატებს უარი კიდევ ერთ შუამდგომლობაზე ეთქვათ. მოსამართლემ ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადახედვა საჭიროდ არ ჩათვალა და განმარტა, რომ ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე, გათავისუფლების შემთხვევაში დაკავებულებმა შესაძლოა დანაშაული განმეორებით ჩაიდინონ.

რა მტკიცებულებებით აპირებენ ბრალდებულების გამართლებას, მათი ინტერესების დამცველები ჯერ არ საუბრობენ. ადვოკატები ოჯახის პოზიციას იზიარებენ და საქმის დეტალებზე საჯაროდ არ ყვებიან. განმარტებები მხოლოდ სხდომაზე გააკეთეს. ძმებ კაკულიების დაცვის მხარე მოითხოვს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გამოკითხვის და დაკავების ოქმები დაუშვებლად იყოს ცნობილი. აზრთა სხვადასხვაობის გამო მოსამართლემ მხარეებს გონივრული ვადა მისცა, არგუმენტების დასაბუთებისთვის ლევან გელოვანმა წინასასამართლო სხდომა შემდეგ კვირას გადადო.

რა გახდა არაყიშვილის ქუჩაზე სროლის მოტივი - ამაზე არც ძმები საუბრობენ. გურამ და დათო კაკულიები, რომლებიც სამართალდაცველებმა არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის, იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებენ .

სხდომათა დარბაზში დღეს ბრალდებულებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ მედიასთან საუბარი არ ისურვეს.

დათო და გურამ კაკულიები სამართალდამცველებმა 30 მაისს, ორთაჭალაში ნაქირავებ ბინაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ და ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი იარაღიც.  მალევე მათ ბრალი დაუმძიმდათ. პროკურატურამ ძმების წინაღმდეგ გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაც დაიწყო. ბრალდება 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ეპიზოდს ეხება, რა დროსაც მოპედიდან სერგი ქურთიაშვილს და გიორგი კაჭკაჭიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, მასალაში სავარაუდოდ ძმები კაკულიების გადაადგილება ჩანს.

ცნობილია, რომ მზადაა უკვე კონკრეტული ექსპერტიზის პასუხებიც. შედეგების შესახებ მხარეები სავარუდოდ სასამართლოში არსებითი განხილვების დროს ისაუბრებენ, სხდომებზე გამოიკითხებიან მოწმეებიც.

დღის ამბები