რა პროცედურით უნდა მოხდეს ელჩების დანიშვნა და რა როლი აქვს პრეზიდენტს ამ პროცესში - საკითხზე პოლიტიკური შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ცალკეული თანამდებობების პირების როლი ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით სიმბოლურია და ეს ტერმინი სრულიად ნორმალურია.
"გაღიზიანებას იწვევს თუ არა ამ შემთხვევაში დამოკიდებულება, როდესაც წინასწარ კონსულტაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა არ ხდება იმ თანამდებობის პირისა, რომელსაც აქვს სიმბოლური მნიშვნელობა კონსტიტუციით და ნუ შეგაშინებთ ეს ტერმინი, ეს აბსოლუტურად ნორმალური აღქმაა და ნორმალური დამოკიდებულებაა. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, დიახ, შეიძლება ცალკეულ თანამდებობის პირებს ჰქონდეთ სიმბოლური კომპეტენციები და ესეც აბსოლუტურად ნორმალურია.
თუ დარეგულირდება ეს საკითხი, გადაწყდება და საკამათო არაფერი არ იქნება, ანუ პრეზიდენტიც, მთავრობაც ერთ აზრზე იქნა ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ სამართლებრივი კაზუსის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტის საჭიროებაც არ იარსებებს, თუმცა თუ დარჩება ეს საკითხი საკამათოდ და შექმნის ჩიხებს, ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება, რომ საკითხი გადაწყვიტოს სასამართლომ. ეს დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე წარმოება უნდა გაგრძელდეს," - აცხადებს სარჯველაძე.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას თქმით, უმჯობესია საკონსტიტუციო სასამართლოში დავა გაგრძელდეს, რათა მომავალში პრეზიდენტებს და უმრავლესობებს არ მიეცეთ საშუალება განსხვავებულად წაიკითხონ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი.
"თქვენ იცით, რომ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით, როცა გაუგებრობა წარმოიქმნა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის და განსხვავებული ინტერპრეტაციით ხდებოდა წაკითხვა, მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს რომელი კითხულობს ადეკვატურად და სწორად. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი შეთავაზება და დანიშნა ელჩები, მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ სჯა-ბაასი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს, რომ არცერთ პრეზიდენტს მომავალში, ან უმრავლესობას, არ მიეცეს შესაძლებლობა, რომ განსხვავებულად წაიკითხოს კონსტიტუციის ეს ჩანაწერი," - თქვა ზარქუამ.