08 მაისი 2024,   03:16
ვრცლად
ლიკანთან არსებული ხანძრის კერა სრულად ლოკალიზებულია და ლიკვიდირების სამუშაოები შესაძლოა დღის ბოლომდე დასრულდეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბორჯომის ხეობაში ხანძარი თითქმის სრულად არის ლოკალიზებული - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღარ არის აქტიური კერები, თუმცა ლიკანთან ავიაცია ისევ მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ორი კვირის წინ სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე მონიტორინგი გრძელდება.

რაც შეეხება ლიკანთან გაჩენილ ახალ კერას, თემურ მღებრიშვილის თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და ლიკვიდირების სამუშაოები შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს.

"ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. პარალელურად ჩართულია ვერტმფრენიც, სტაბილურად მივდივართ სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის. ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი აღარ გვაქვს. წინა ლოკაცია ლიკვიდირებული გვაქვს და აქტიური ფაზა მიდის მონიტორინგის, ამ ლოკაციას რაც შეეხება დღის ბოლოს, სავარაუდოდ თუ ამინდმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა, გამოვაცხადებთ ლიკვიდირებას და გაგრძელდება რა თქმა უნდა მონიტორინგი. ასე რომ სტაბილურად მივდივართ," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები