09 ივლისი 2024,   04:06
ვრცლად
სიღნაღში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია - ვინ არის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი

პოლიციამ სიღნაღში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბოდბეში, კონფლიქტის დროს, 27 წლის ქალი სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორ "კურიერმა" გაარკვია მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული არის 28 წლის მამაკაცი შმაგი ხუნაშვილი, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და ახლა ის გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. რაც შეეხება ახალ დეტალებს, სავარაუდოდ, ბრალდებულმა დანაშაული 2 არასრულწლოვნის თვალწინ ჩაიდინა.

მეზობლები იხსენებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, სავარაუდო დამნაშავე ტერიტორიიდან არ მიმალულა. მკვლელობის მცდელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.

რაც შეეხება დაჭრილ ქალს, თავდაპირველად მარიამ აბაზაძე ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მისი ჭრილობის სირთულიდან გამომდინარე საჭირო გახდა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა. ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ რჩება. 

"პაციენტის მდგომარეობა შემოსვლიდანვე არის უკიდურესად მძიმე. აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თხემის მიდამოში. გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, ნანახი იქნა თავის ტვინის საკმაოდ უხეში და მძიმე დაზიანება, თავის ტვინის შეშუპება, სისხლჩაქცევები და გუშინ გადაუდებელი წესით ჩატარდა ოპერაცია," - აცხადებს ექიმი.

დღის ამბები