"ხედვა 2030" - საქართველოს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშავდებოდა.
მისი ძირითადი ნაწილი უკვე გასულ წელს იყო მზად, თუმცა ამჯერად, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, უფრო მეტად დაიხვეწა და რიგი საკითხები დაზუსტდა. დოკუმენტში წლების მიხედვით არის გაწერილი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კონკრეტული სფეროების განვითარებისთვის.
მთავრობის სხდომის შემდეგ, დოკუმენტთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. მათ შორის, აღინიშნა, რომ სტრატეგია საერთაშორისო პრინციპებს ეფუძნება.
ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან გრძელვადიან სტრატეგიაზე საუბარი არასერიოზულია და მთავრობამ აქცენტი უახლოესი პერიოდის გამოწვევებზე, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა გააკეთოს.
კრიტიკის საპასუხოდ, ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. დეპუტატები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში გაწერილი ხედვის არსებობა, მათ შორის ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, აუცილებელია.
ქვეყნის განვითარების სტრატეგიის საჭიროებას ეჭვქვეშ არ აყენებენ ექსპერტულ წრეებში. რაც შეეხება საკითხს - არის თუ არა გეგმების შესრულება რეალისტური, ექსპერტები ამბობენ, რომ რადგან ცალკეული სამინისტროების ინდივიდუალური სტრატეგიები ეფექტურად მუშაობს და ერთიანი, გლობალური დოკუმენტის განხორციელებაც რეალისტურია.
"ხედვა 2030" - საქართველოს განვითარების სტრატეგია - დღეს პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შესახებ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დოკუმენტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს დღეებში იქნება.