საზაფხულო პაუზის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ცხელ პოლიტიკურ შემოდგომას კიდევ ერთხელ აანონსებს. უცვლელია მიზანი და მოთხოვნა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. უცვლელია პოლიტიკური სტრატეგიაც - ქუჩის პროტესტი და მასობრივი გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით. ნიკა მელიას მტკიცებით, ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არსებობს, რომელსაც ნაცმოძრაობა პოლიტიკურ მღელვარებაში გადაიყვანს.
ოპონენტს პოლიტიკური მანევრების დროს სიფრთხილისკენ მალევე მოუწოდეს მმართველი გუნდის ლიდერებმა. სახელისუფლებო პარტიიდან ნიკა მელიას 2019 წელს პარლამენტის შტურმის სურვილი შეახსენეს და განმარტეს, რომ ნებისმიერ დექსტრუქციულ ქმედებას ადეკვატური პასუხი გაეცემა. "ქართულ ოცნებაში" ვადამდელი არჩევნების და ქუჩის აქციების თემის წამოწევას, ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის უგულებელყოფად მიიჩნევენ.
ნიკა მელიას დაანონსებული გეგმის შეფასებებში მოკრძალებულები იყვნენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დაგვიანებული რეაქციის გამოც კი გააკრიტიკა, მეორე ნაწილმა კი კოლეგას საუბრის ნაცვლად საქმის კეთება ურჩია.
მელიას იდეამ დღეს სრული მხარდაჭერა მხოლოდ "ლეიბორისტული პარტიისგან" მოიპოვა. შალვა ნათელაშვილმა კოლეგებს სიტუაციის მეტად გამწვავებისა და საპარლამენტო მანდატების სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღეს პოლარიზაციის გაღრმავებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. "ქართული ოცნებიდან" მელიას ურჩიეს კოლეგების ნაწილს მიბაძოს.
კონკრეტულად როდის დაიწყებს ნაცმოძრაობა რეგიონებში გასვლებს და საპროტესტომუხტის აწევას ჯერჯერობით უცნობია. ნიკა მელია 2022 წლის მიწურულს, კვლავ 2020 არჩევნების გაყალბებასა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს.