03 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
ევაკუაცია სარაკეტო ცეცხლის ქვეშ - რუსეთი უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას აგრძელებს

კიევში ცხელი ხაზის ტელეფონზე ზარები არ წყდება, ხარკივის, ხერსონის, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებიდან მოქალაქეები სასწრაფო ევაკუაციას ითხოვენ. რუსული საოკუპაციო ძალების მიერ განუწყვეტელი დაბომბვების გამო, ადამიანები საკუთარი სახლების დაცლას იწყებენ. მხოლოდ აგვისტოს თვის განმავლობაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიები უკვე დატოვა 63 ათასმა მოქალაქემ. ევაკუაცია მათ, ძირითადად, სარაკეტო ცეცხლის ქვეშ უწევთ.

ძლიერი აფეთქების ხმა ხარკივში დღეს დილით გაისმა. დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსი. არის მსხვერპლი. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის გამოყვანა შეძლეს. რუსულმა ჯარმა ქალაქის ცენტრალური ნაწილიც დაბომბა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საოფისე შენობები. აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

დღეს დილით კიდევ ერთი საჰაერო იერიში განხორციელდა ქალაქ მიკოლაივზე. დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, შეტევა გრადის ტიპის სარაკეტო სისტემით მოხდა, მათი ნაწილის ჩამოგდება და განადგურება უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს.

შეტევა, ქალაქ კრივიი-რიჰზე გამთენიისას მოხდა. უკრანული მედიის ცნობით ცეცხლი ნავთობის ბაზას წაეკიდა

სრული კონტროლის დასამყარებლად გრძელდება მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქში. რუსმა სამხედროებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის შენობა დაბომბეს. აფეთქებამ ოფისი და მიმდებარე ნაგებობები დააზიანა.

უკრანული მხარის ცნობით, მათი არმია წარმატებებს აღწევს ლუჰანსკის ოლქში. ჯარისკაცებმა, ოკუპირებულ ტერიოტრიებზე ასეული მეტრის სიღრმეში შესვლა შეძლეს.

ოკუპანტებმა გამორთეს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგური. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგოატომის ცნობით, დღეს დილით უკრაინაში რადიაციული ავარიების შედეგების პროგნოზირების ცენტრმა, ზაპოროჟიეს დატყვევებული ატომური ელექტროსადგურის ფონური სენსორების მონაცემების მიღება შეწყვიტა.
კონტროლის შეწყვეტის მიზეზი უცნობია.

დღის ამბები