საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე პირველივე პოლიტიკური განცხადება ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. სპორტი, რომ პოლიტიკასთან კავშირში არ უნდა იყოს, ამაზე ყურადღება ირაკლი კობახიძემ გაამახვილა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სწორედ სპორტი მოიყვანა იმის მაგალითად, როგორი დამოკიდებულება აქვს ოპოზიცის ნაწილს წარმატებაზე.
ირაკლი კობახიძეს მალევე გასცეს პასუხი ოპოზიციიდან. ლევან ხებეიშვილმა "ქართული ოცნების" ლიდერს პროფესიონალიზმი დაუწუნა, ხაბეიშვილს კი, ირაკლი ზარქუამ კობახიძის განათლება შეახსენა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ირაკლი ზარქუას შეფასება უკომენტაროდ დატოვეს. რომან გოცირიძემ სიტყვით გამოსვლის დრო "ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს დაუთმო და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივ პოზიციად შეაფასა. გოცირიძეს "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დარბაზშივე მისცა პირობა, რომ მოძრაობა უფრო აქტიური გახდება და საზოგადოების ინფორმირებას განაგრძობს.
პოლიტიკურად აქტუალურ საკითხებს შორის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები ლიდერობდა. "ქართულ ოცნებაში", ოპოზიციის გადაწყვეტილება, არ მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში - "პოლიტიკურ საბოტაჟთან" ერთად, "დესტრუქციად" კიდე ერთხელ შეფასდა.
"ქართული ოცნების” მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში ეჭვი ეპარებათ იმ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც ბრიუსელიდან მიღებულ დავალებებზე დამოუკიდებლად მუშაობენ. ისინი ამბობენ, რომ სწორედ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტები პასუხობს ევროპულ სტანდარტებს.
კრიტიკის ფონზე სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს ურჩევს, შეძლონ და პოლიტიკურ დღის წესრიგზე შეჯერდნენ. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობის პარალელურად, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვდეს.
ნოემბრისთვის პარლამენტს მიღებული უნდა ქონდეს ყველა ის ცვლილება, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციით არის გათვალისწინებული. სექტემბრის ბოლომდე კი კანონპროექტების ინიცირება უნდა დასრულდეს.