15 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ვინ როგორ გაიგო ბრიუსელის გზავნილები - სამუშაო ჯგუფებში ჩართული პარტიები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს

ევროკავშირის ღია მოწოდებების ფონზე, რომ ყველა პარტიამ ერთად უნდა იმუშაოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე და ეს ინკლუზიური პროცესი უნდა იყოს, თბილისში გამოხმაურებები არაერთგვაროვანია.

ვინ როგორ ინაწილებს პასუხისმგებლობას და ვინ როგორ გაიგო ეს გზავნილები - პარტიები, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში არიან ჩართულები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. 

პოზიციას არ ცვლიან ენმ-ში და ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.

"არ არსებობს იმაზე დემოკრატიული მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ოპოზიციურმა რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, ან ოპოზიციამ წამოაყენოს, ვიდრე არის ეს ახალი არჩევნები, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკური კრიზისის დაძლევას. რაც შეეხება პოლარიზაციას, კი პოლარიზაცია არის და იქნება. პოლარიზაცია რომ არ იყოს, უფრო გასაკვირი იქნებოდა. მესმის ბატონი ბორელის და ყველა საერთაშორისო პარტნიორის, რომელიც საუბრობს პოლარიზაციაზე, თუმცა მათაც ესმით რა არის პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზი და ეს არის არათავსებადი ინტერესები ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის," - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩში" ამბობენ, რომ მათი კოლეგები ცალკე თამაშით პროცესს აზიანებენ.

"უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი არგუმენტი, რომელიც მათ აქვთ უცხოელებთან, რომ "აგერ, არ გვამუშავებენ", ეს არგუმენტი თუ არ გაბათილდა, საბოლოო ჯამში, ამ 12 პუნქტის შეუსრულებლობა დარჩება ოპოზიციის კისერზე. ჩვენ ცალკე კიდევ პროცესი გვაქვს, უკეთესი პროცესი, ასეთი უკეთესი პროცესი არ გვჭირდება პირდაპირ გვითხრეს, თუ ერთად არ იზამთ არაფერს, ფასი არა აქვსო. რამდენჯერ უნდა გაესვას ამას ხაზი, უბრალოდ არ ვიცი, როდის მოახერხებენ და ჩვენი კოლეგები როდის შეიგნებენ, რომ ასე ცალკე თამაშით აზიანებენ როგორც პროცესს და არგუმენტს ჩუქნიან "ქართულ ოცნებას"," - განაცხადა ჰერმან საბომ.

იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი არ დაზიანდეს, მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მათ უზრუნველყვეს ამ პროცესის ინკლუზიურობა და პოლიტიკური ძალების ნაწილის გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადონ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით უნდა აიღონ პასუხისმგებლობაც.

"პროცესში არ უნდა იყვნენ მხარეები, ამ პროცესში უნდა იყვნენ მონაწილეები და ყველა თანაბრად უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში. ხელისუფლება და ამ შემთხვევაში პარლამენტში მმართველი გუნდი იძლევა ყველანაირ შესაძლებლობას, თუმცა არ არსებობს მექანიზმი, სადაც ჩვენ შევძლებთ ვინმეს დავაძალოთ ამ ფორმატებში მონაწილეობა და ამას კარგად აცნობიერებს ევროპული მხარეც, მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე იმ ადამიანების და პოლიტიკოსების არის, ვინც ფორმატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს იმიტომ, რომ ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია იყო პარლამენტის წევრი და მონაწილეობას არ იღებდე პარლამენტში წარმართულ პროცესში," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

მმართველი გუნდის შეფასებით, ისინი თავიდანვე უზრუნველყოფენ პროცესის ინკლუზიურობას, თუმცა სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე ოპოზიციის ნაწილი მათ შეთავაზებას არ დათანხმდა.

"მოვისმინეთ მოწოდებები, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი, რომ ისინი არ არიან მოწადინებულნი ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და საბოლოოდ ევროკავშირის წევრობის მინიჭებისთვის. ეს არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს ფაქტი შედგა და რადიკალურმა ოპოზიციამ ეს წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები