ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მომავალს ევროპელი ლიდერები პროცესის ინკლუზიურობაში ხედავენ. მკაფიო და ღია გზავნილებიც სწორედ ამ მიმართულებით გაკეთდა. ბრიუსელი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს კოლექტიური ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად გამოიყენონ.
რეკომენდაციების შესრულება რომ მხოლოდ მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა არ არის, ამაზე ბრიუსელში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს პრემიერ- მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთობლივი მუშაობის უზრუნველსაყოფად სახელისუფლებო გუნდმა ყველა მოთამაშისთვის კარი გახსნა, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური ძალისგან პროცესში მონაწილეობაზე უარი მიიღო.
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გაკეთებული განცხადებები ოპოზიციის მიმართ "წითელ ბარათად" აღიქვეს თბილისში. მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ოპოზიციამ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე ბოიკოტით, საკუთარი პოლიტიკური მიზანი გამოააშკარავა.
ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, თუმცა პარტნიორების მოწოდების მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობისთვის" ევროპულ ოჯახამდე გზა ახალ არჩევნებზე გადის. ზურა ჯაფარიძის გეგმა კი, არსებული ხელისუფლებისთვის მმართველობაში ხელის მაქსიმალურად შეშლაა.
ბრიუსელის გზავნილებს დღეს მხოლოდ პოლიტიკოსები არ აფასებდნენ. სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია "ტაბულას" დამფუძნებელმაც გამოთქვა და ჯოზეფ ბორელის განცხადება ევროპელი ლიდერების იმ პოზიციას შეადარა, რომლებიც საქართველოს პუტინთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ მოუწოდებდნენ.
ამ პოზიციას იზიარებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერიაც. მისი თქმით, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სხვა რეალობის გათვალისწინებით წარმოუდგენია.
ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგი მმართველი პარტიისთვის ოპონენტების პოლიტიკური არჩევანია. სახელისუფლებო გუნდი კიდევ ერთხელ ახსენებს პოლიტიკურ ძალებს, რა წერია ევროკომისიის რეკომენდაციების პირველ პუნქტში.
არჩევანი, ოპოზიციის იმ ნაწილს, ვისაც ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა არ სურს, უკვე გაკეთებული აქვს. ამბობენ, რომ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დოკუმენტებიც მზად აქვთ და ერთადერთი ფორმატი, სადაც მუშაობას აპირებენ, პარლამენტის კომიტეტები და სხდომებია. ოპოზიციის იმ ნაწილისთვის კი, ვინც უკვე თითქმის 3 თვეა ჯგუფებში მუშაობს, ევროკომისიის წარმომადგენლების გზავნილი გასაგებია.
ბოიკოტში მყოფი ოპონენტების მიერ მომზადებულ კანონპროექტებს სკეპტიკურად უყურებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჯგუფებში, ოპოზიცია წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც მონაწილე და არა როგორც მხარე.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა მუშაობა თითქმის დაასრულეს. სექტემბრის ბოლოსთვის ყველა ცვლილება, რომელიც სამუშაო ფორმატში მომზადდა, პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს.